სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი , რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვის დროს პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება. ამით ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაამკაცრა იმ დემონსტრანტებისთვის კანონი, რომლებიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
· ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
· ისეთი აქციის გამართვის დროს, რომელიც საავტომობილო მოძრაობას შეაფერხებდა, „წინასწარ ინფორმირების“ შესახებ მოთხოვნა მოქმედ კანონშიც დევს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ერთგვარი თანხმობის მიღებაა საჭირო.
პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შსს მათ აქციის ანდა მსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს: უწყებას შეუძლია გამოაქვეყნოს „გაფრთხილება“ ან დემონსტრანტებს შესთავაზოს „ალტერნატიული დრო ან/და ადგილი“.
იმ შემთხვევაში, თუკი აქცია სპონტანურად დაიგეგმება, ორგანიზატორმა პოლიციას გეგმის შესახებ „დაუყოვნებლივ“ უნდა აცნობოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
„[თუკი] დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა მაინც არ შეწყდა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება.
ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანვე, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართოს“, – წერია კანონპროექტში.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა, წესის დარღვევის შემთხვევაში პირველ ეტაპზე 15 დღემდე (ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე) ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება, შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ – მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება. მათ შორის შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
ფორუმი




