დავით სადრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელია. პოლიციის გამოცდილი სერჟანტი, რომელმაც სამინისტროში ოც წელზე მეტი იმუშავა, სახლში ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. ოფიციალური მიზეზი არავის განუმარტავს, თუმცა თავად დარწმუნებულია რომ სისტემამ ის უბრალოდ მოიშორა.
დავით სადრაძის კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2000 წელს, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. ბოლოს კი ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში დასრულდა. პოლიციის უფროსი სერჟანტი გვიყვება რომ სისტემასთან პრობლემები 2020 წლის 13 აპრილს დაეწყო, როცა სადრაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თვალი დაკარგა. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ძალოვანს მხედველობის აღსადგენად რამდენიმე რთული ოპერაცია დასჭირდა, ექიმების ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა.
მკურნალობის გარდა, უშედეგო აღმოჩნდა სისტემასთან ბრძოლაც. მალევე დაიწყო სერიოზული პრობლემები უფროსობასთან. პირველი უთანხმოება მაშინ მოუვიდა როცა კუთვნილი კომპენსაცია და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ერთჯერადი ფულადი დახმარების მოთხოვნა პოლიციელს დაუკმაყოფილეს, თუმცა თანხა მის ანგარიშზე დღემდე არ ჩარიცხულა.
დავით სადრაძე სიმართლის დამტკიცებას იმ დოკუმენტით ცდილობს, რომელსაც ხელს ვახტანგ გომელაური აწერს. ბრძანება, 2020 წლით თარიღდება. დოკუმენტში წერია, რომ პოლიციელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 7525 ლარი უნდა მიეღო. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მესამე განყოფილებაში მოსულ ბრძანებაზე ხელი თავად მოაწერა, თუმცა არავის მიუცია. სად წავიდა ან ვინ ისარგებლა დაშავებული პოლიციელის სამკურნალოდ გამოყოფილი ფულადი დახმარებით, ამ დრომდე გაუგებარია.
სადრაძეს მიღებული დაზიანების გამო მხოლოდ დაზღვევის თანხა ჩაერიცხა, თუმცა არც მისი დახარჯვის შესაძლებლობა მიეცა. ყოფილი პოლიციელი მთავარ არხთან ყვება რომ ჩარიცხული ექვსი ათას ლარზე მეტი პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოართვა. სადრაძე დარწმუნებულია რომ სამკურნალოდ ჩარიცხული თანხა კონკრეტულმა მეთაურებმა გადაინაწილეს.
კუთვნილი ფულადი დახმარების მიღებას სადრაძეების ოჯახი წლებია უშედეგოდ ითხოვს. მათ განცხადება გენერალურ ინსპექციაშიც შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ.
სადრაძე ამბობს რომ კუთვნილი კომპენსაციის მოთხოვნა ხელმძღვანელებმა სისტემის წინააღმდეგ წასვლად აღიქვეს და არ აპატიეს. 2022 წელს დავით სადრაძის სახელზე ახალი განკარგულება გამოიცა, რომლითაც შს მინისტრმა გამოცდილი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ყოფილი პოლიციელი ოჯახთან ერთად ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. მხედველობის დაკარგვის გარდა 45 წლის დავით სადრაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნა. მისი მდგომარეობა უკიდურესი გაჭირვების გამო კიდევ უფრო გართულდა. ოჯახში რამდენიმე შრომისუუნაროა, ერთადერთი შემოსავალი კი სადრაძის პენსიაა, რომელიც წამლების შესაძენადაც კი არაა საკმარისი.
გამოცდილ პოლიციელს, რომელიც სისტემას ღიად დაუპირისპირდა, ახლა იმის მტკიცება უწევს რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა და კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ითხოვს.