პოლიციელ ლუკა ჯინჭარაძის ჩვენებით, მან დაინახა ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ როგორ ჩაარტყა თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, მირიან ქავთარაძეს ხელკეტი.
როგორც პოლიციელი აღნიშნავს, შემთხვევის დროს ის კოლეგებთან, მათ შორის მირიან ქავთარაძესთან და მის მოადგილესთან, მიხეილ სუჯაშვილთან ერთად სასტუმრო „მარიოტის“ მთავარი შესასვლელის წინ, საფეხმავლო ბილიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოწმის თქმით, აქციის მონაწილეები მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.
პოლიციელ ჯინჭარაძის ჩვენებით, სხვიტარიძის მოქნეული ჯოხით ქავთარაძეს თავი გაუტყდა.
„ოპერატიულ საქმიანობას ვასრულებდით, ფორმები არ გვეცვა, აქციის მონაწილეები აგრესიას გამოხატავდნენ, ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ, მოვუწოდებდით დამშვიდებულიყვნენ, ვინაიდან პოლიციელები ვიყავით. ერთ-ერთმა მონაწილემ, 30 წლამდე მამაკაცმა, წვერებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, ჩემს თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს თავში რამდენჯერმე, ორჯერ, თუ სამჯერ ჩაარტყა ხელკეტი, მირიანს თავიდან წამოუვიდა სისხლი, ეს პიროვნება აქციის მონაწილეებს შეერია და ვეღარ დავინახე.
ხელკეტი 30-40 სმ იყო. სანამ მირიანს თავში ჩაარტყამდა, ხელითაც ვაჩვენებდი, დამშვიდდით, პოლიციელები ვართ- მეთქი. რამდენიმე წამში ეს ფაქტი მოხდა, თავი გაუტყდა, მირიანს სახეზე სისხლი ჰქონდა, სასწრაფომდე მივიყვანეთ და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.
მას კითხვებით საბა სხვიტარიძის ადვოკატებმაც მიმართეს. დაცვის მხარის კითხვაზე, როცა მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ პოლიციელები იყვნენ, იყო თუ არა მათ შორის ერთ-ერთი საბა სხვიტარიძე, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, ის ადგილზე ვისი ავტომობილით მივიდა, ან მივიდა თუ არა ავტომანქანით, ვინაიდან მას კარგად ახსოვს ბრალდებულის სახე, მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ „არ ახსოვს“.
ჩომახაშვილის კითხვაზე, აქციის მონაწილეები ეკითხებოდნენ თუ არა მათ, ვინ იყვნენ, მოწმე პოლიციელმა განაცხადა, რომ „არ ახსოვს და ისინი პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ“.
„როცა გაიგეს პოლიციელები ვიყავით, უფრო მეტად გახდნენ აგრესიულები“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
პოლიციელს ჩომახაშვილმა ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც შემთხვევის დროს არის გადაღებული. ადვოკატმა ჯინჭარაძეს ჰკითხა, ესმის თუ არა ფრაზა – “ქალს როგორ ურტყამ?”, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ “იმ მომენტში არ გაუგია”. ამის შემდეგ, მას ჩომახაშვილმა მიმართა: “ფრაზები ნიღაბი მოიხსენით, თუ გესმით მოქალაქეების მხრიდან?”, რაზეც პოლიციელმა მას კვლავ უპასუხა, რომ “არ ახსოვს”.
ადვოკატის კითხვაზე, ესმოდა თუ არა, როგორ აგინებდა ქავთარაძე აქციის მონაწილეებს, პოლიციელმა ჯინჭარაძემ უპასუხა, რომ “არ ესმოდა”.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.
