პოლიციელის დაჭრისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია 39 ნოდარ ვაშაკიძეზე, რომელმაც ზაარბრიუკენის მოედანზე ჯერ თეიმურაზ ანჯაფარიძე დაჭრა, შემდეგ კი გამოძახებაზე მისული პოლიციელი, გიგი ოთიაშვილი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა… პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვაშაკიძე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე:
· თბილისში დაჭრილი პოლიციელი 23 წლის გიგი ოთიაშვილია | მას ოპერაცია ჩაუტარდა