პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი – როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა

პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, როცა ის სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა.
პროკურორის თქმით, ოკმელაშვილი დანაშაულის ჩადენის ადგილას ერთადერთი პირი იყო, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა.
„ის 13 მაისს, პოლიციელს თავს დაესხა, სახის მიდამოებში იდაყვი ჩაარტყა, ამის ამსახველი კადრები საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს. ბრალდებულების იდენტურობა და ის ფაქტი, რომ ჩანაწერში ასახული პირი ბრალდებულია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნითა დადგენილი, ასევე, საქმეში დაზარალებულ პირს ამოსაცნობი ნიშანი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი იყო. დაკავებულს ასევე ბრალი აქვს წარდგენილი, რომ ნარკოტიკულ საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩაიდინა. აღნიშნულ ფაქტს ბრალდებული ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ეს ნივთიერება შენახული ჰქონდა.
მოცემულ საქმეზე ყველაზე ნათელი მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, ასევე, გამოკითხული არიან მოწმეები, მათ შორის, დაზარალებული, რომელიც უთითებს, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა დაარტყა მას სახის არეში იდაყვი და ასევე, საქმეში მტკიცებულების სახით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არის, რომლითაც დგინდება, რომ სწორედ აღნიშნულ დღეს აქვს დაზარალებულს მითითებული დაზიანება მიღებული. ეს ჩანაწერი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, ის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, სრულია და ნათლად ჩანს, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენის – იდაყვის ჩარტყმის დროს, ის მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა. ფაქტობრივად, ის იყო ერთადერთი პირი, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. მას ბრალი მხოლოდ იმ ეპიზოდზე ედება, როცა პოლიციელს სახის მიდამოში იდაყვს ურტყამს“, – განაცხადა ხუბეჯაშვილმა.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო