მოსამართლე მჭედლიშვილმა ბრალდებული აბრამოვი გაამართლა, არგუმენტად მტკიცებულებების არასაკმარისობა დაასახელა, კოლეგა რომეო ტყეშელაშვილის მსგავსად, რომელმაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
თედო აბრამოვს ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა. ბრალდებული დაკავებას პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობას უკავშირებდა. ის სახლთან აქციაზე მიმავალი დააკავეს. აბრამოვის მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს, დნმ კი მისი პირის ღრუდან მოტყუებით მოიპოვეს.
რა აქვს საერთო ორი მოსამართლის ამ გადაწყვეტილებებს?
· მოსამართლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პოლიციელთა ჩვენებები „სანდო, თანმიმდევრული და დამაჯერებელია“, თუმცა მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ გამოიტანდნენ განაჩენს.
· ორივე შემთხვევაში სასამართლომ პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობა გადამწყვეტად შეაფასა – კერძოდ, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერის არქონა ან სხვა ნეიტრალური წყარო.
· დნმ-ექსპერტიზის მიმართ ორივე მოსამართლეს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება
· ორივე მოსამართლე დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც პოლიციელთა ჩვენებები არც ავტომატურად სანდოა და არც ავტომატურად საეჭვო – შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
· ორივე შემთხვევაში მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს რეალურად ჰქონდათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გამოიყენეს.
· ორივე საქმეში ბრალდებულები პოლიტიკურ აქტივიზმთან აკავშირებდნენ საკუთარ დაკავებას – ახობაძე აქტიური პოზიციის გამო, აბრამოვი – პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო.
· ორივე განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
არცერთ მათგანს უმსჯელია:
· თუ ჩვენებები სანდოა, რატომ არ ისმის კითხვა, რატომ არ გადაიღეს ვიდეო?
· თუ მათი ქმედება (ვიდეოს არქონა) არღვევს მტკიცებულების სტანდარტს, მაშინ როგორ შეიძლება მათივე ჩვენებები უცვლელად სანდოდ ჩაითვალოს?
„მოწმე პოლიციელების ჩვენებები სანდო, თანმიმდევრული და დამაჯერებელია”
თამარ მჭედლიშვილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში წერს, რომ პოლიციელების ჩვენებების არგაზიარება, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები „ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია“, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩვენებები „არ არის პრეზუმფცია“ და მხოლოდ მათი „სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება, საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე”.
„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ საქმესთან მიმართებით, არსებული მოცემულობით უნდა შეფასდეს პოლიციელ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა”, – წერს მოსამართლე.
თამარ მჭედლიშვილი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ:
„არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დაკითხოს ჩხრეკის თვითმხილველი პოლიციელები, შეამოწმოს მათი კომპეტენტურობა, საქმის მიმართ რაიმე დაინტერესების ქონა და დამაჯერებლობა”. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.]
მოსამართლეს მიაჩნია, რომ თედო აბრამოვის საქმის მოწმე პოლიციელების ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს „არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს“. მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არის „თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის“. არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოება, რაც მიანიშნებდა მათ „მიკერძოებასა და პირად ინტერესზე ბრალდებულის საწინააღმდეგოდ”.
„მით უფრო, რომ თითოეულმა მათგანმა სასამართლოს განუმარტა, რომ თევდორე აბრამოვის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნიათ, იცნობენ მხოლოდ საქმიდან გამომდინარე. თავად დაცვის მხარეც არ აპელირებდა პოლიციელების მხრიდან პირად დაინტერესებასა ან მიკერძოებაზე, რადგან დაცვის მხარე თედო აბრამოვის დაკავებას უკავშირებს მის აქციაზე სიარულს”, – წერია დასაბუთებაში.
მოსამართლემ უპასუხა ბრალდებულის ადვოკატებს, რომლებმაც მოწმეთა ჩვენებებს წინააღმდეგობრივი უწოდეს და დაასკვნა: „ყველა მოწმის ჩვენება აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება… დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოწმეების ჩვენებებში მცირე წინააღმდეგობებია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით წინააღმდეგობები, რომელიც მათ ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავდა, არ გამოვლენილა”.
თამარ მჭედლიშვილის თქმით, მოწმეების ჩვენებების იდენტურობა მისი უტყუარობის მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს, პირიქით, „სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვებს”. ის წერას მოწმის, როგორც ინდივიდის უნარების ანალიზით აგრძელებს, რომელიც „თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზეც გავლენას სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები ახდენენ.
როგორ იყო თედო აბრამოვის საქმის შემთხვევაში მოსამართლის მტკიცებით?
მოსამართლე განაჩენში წერს, რომ მოწმეების მიერ პირადი ჩხრეკისას ადგილზე განვითარებული მოვლენების აღწერა მხოლოდ მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან. სასამართლოს შეფასებით, „ამგვარი ცდომილება ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილების ფარგლებშია და არ წარმოადგენს იმგვარ არაორდინალურ მოვლენას, რაც ობიექტურ დამკვირვებელს მოწმის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძველს შეუქმნიდა. შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებები ყველა დეტალში იყოს ერთმანეთთან თავსებადი…”
„… მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანა იმ არგუმენტით, რომ ის სრულ თანხვედრაში არაა სხვა მოწმეთა ჩვენებებთან უმართებულოა, ვინაიდან შეუძლებელიცაა და არაგონივრულიც, მოვთხოვოთ მოწმეს არამც თუ რამდენიმე თვის, არამედ თუნდაც ერთი დღის შემდეგ მთელი სიზუსტით აღიდგინოს და გადმოსცეს იმ შემთხვევის ყველა დეტალი, რომლის შემსწრეც ან მონაწილეც იყო”, – ნათქვამია განაჩენში.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის დამაჯერებელი და დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოვლენილა”.
„მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და უმნიშვნელო განსხვავებები რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ თხრობაში, კონკრეტულ ადგილზე მისვლის, დროის, შეხვედრის დეტალებთან მიმართებით, ვერ დაუკარგავს მას სანდოობას”, – წერს მოსამართლე.
საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომელთაც თედო აბრამოვი ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა, „თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სანდო” უწოდა.
მაშინ რატომ ცნო უდანაშაულოდ თედო აბრამოვი მოსამართლემ, თუ პოლიციელების მონათხრობს უჯერებს?
მოსამართლე ამბობს, რომ სასამართლოს შესაფასებელია, მოწმე პოლიციელების ჩვენებები, სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, აკმაყოფილებს თუ არა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და ობიექტურად შესაძლებელი იყო თუ არა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.
განაჩენის დასაბუთების ამ ნაწილში მოსამართლე ეყრდნობა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკებს და ასკვნის:
შესაძლოა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას წარმოიშვას ისეთი გარემოებები, რომელიც ვიდეო გადაღებას ან ნეიტრალური მოწმის დასწრებას ხელს შეუშლის, თუმცა ეს საფრთხეები არ უნდა იყოს „აბსტრაქტული“ და „რეალურად უნდა არსებობდეს”.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყების მომენტში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობისას[მოწმეთა ჩვენებების თანახმად აბრამოვი იყო მშვიდად] სამართალდამცავ ორგანოებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ყველა ზომა სხვა ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად და ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება”.
მოსამართლე წერს, რომ პოლიციელები უნდა ეცადონ გადაიღონ ვიდეო, თუნდაც ეს იყოს საგამოძიებო მოქმედების ეპიზოდი და არა მისი სრული ასახვა – დასაწყისიდან დასასრულამდე, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ბრალდებული აბრამოვი საქმის მასალების საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ხელი არ მოუწერია პაკეტზე, რომელშიც ნარკოტიკი იყო დალუქული.
„არსებობს გარკვეული ეჭვი, იყო თუ არა ყველა შესაძლებლობა გამოყენებული აბრამოვის პირადი ჩხრეკის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად, რათა სასამართლომ გამორიცხოს დაცვის მხარის ვერსია ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით”, – წერს მოსამართლე.
მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ პოლიციელები თავიდანვე ვალდებულები იყვნენ გადაეღოთ საგამოძიებო მოქმედება, ამასთან, ითვალისწინებს მათ არგუმენტს, რომ თედო აბრამოვმა წინააღმდეგობა გასწია და ამან გადაღებაში მათ ხელი შეუშალა. ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებების იმ ნაწილზე, რომლითაც დასტურდება, რომ „თედო აბრამოვი იყო მშვიდად გარკვეული პერიოდი” და რომ ვიდეოს გადაღება მობილურითაც შეიძლება, რომელიც ყველა პოლიციელს ჰქონდა.
დამატებით მოსამართლე წერს, რომ პოლიციელებმა არც გადაიღეს ჩხრეკა და არც ჩხრეკის ადგილას და მიმდებარედ ვიდეოკამერების ჩანაწერების არსებობა გადაამოწმეს.
· თუ ჩვენებები სანდოა, რატომ არ ისმის კითხვა, რატომ არ გადაიღეს ვიდეო?
· თუ მათი ქმედება (ვიდეოს არქონა) არღვევს მტკიცებულების სტანდარტს, მაშინ როგორ შეიძლება მათივე ჩვენებები უცვლელად სანდოდ ჩაითვალოს?
ამაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დასაბუთებაში აღარაფერი უთქვამს.
დნმ-ის კვალი ნარკოტიკზე
მოსამართლეს მიაჩნია, რომ დნმ ზოგადად ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებაა, თუმცა თედო აბრამოვის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გენეტიკური პროფილი შეფუთვაზე სამართალდამცველებმა ხელოვნურად გადაიტანეს.
თუ დნმ, მოწმე პოლიციელების ჩვენებების მსგავსად სანდოა, მაშინ რატომ არ დაეყრდნო მას მოსამართლე? – აქაც თამარ მჭედლიშვილისთვის არგუმენტი პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოს არარსებობაა.
„ამდენად, როცა საქმეში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულება და დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს გენეტიკური პროფილის არსებობას შესაფუთ მასალაზე, მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად”, – წერს მოსამართლე და ამ კონტექსტში განიხილავს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომელმაც აჩვენა, რომ დნმ ნერწყვია. ამით მათ დაადასტურეს თედო აბრამოვის მტკიცება, რომ პოლიციელებმა მისგან დნმ პირში ხელის გამოსმით, იძულებით აიღეს და შემდეგ ნარკოტიკის შეფუთვაზე დაიტანეს.
საბოლოოდ მოსამართლემ დაასკვნა, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც თევდორე აბრამოვი გაამართლა.
პროკურატურა თამარ მჭედლიშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, ისევე, როგორც გიორგი ახობაძისას. თამარ მჭედლიშვილს კიდევ ერთი დემონსტრანტის საქმე აქვს, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან. ნიკა კაციას საქმე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ახობაძისა და აბრამოვის საქმეებს. არც იქაა ვიდეო გადაღებული და არ არსებობს ნეიტრალური მოწმე. ერთადერთი მტკიცებულება – დნმ და მოწმე პოლიციელების ჩვენებებია.
ფორუმი