პოლიცია შევიდა ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების ოფისში

აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ოპერაციას ატარებენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაარსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში.
პოლიციის ოპერაციის შესახებ აზერბაიჯანის შსს-ზე დაყრდნობით იუწყებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები APA და Report-ი. შსს-ს თანახმად, ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება და მას მხოლოდ ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის უფლება მისცა.
მიუხედავად ამისა, როგორც Report-ი წერს, გაირკვა, რომ სააგენტო საქმიანობას განაგრძობს და თანამშრომლები სამსახურში დადიან.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რეიდებისას დააკავეს აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირი. ორი მათგანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
ბაქომ მოსკოვს დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებს.