დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილი „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. ამის შესახებ პრეზიდენტი ორ პოსტს აქვეყნებს:
„პოლიცია იცავს და „აპატიმრებს“ საახალწლო ნაძვის ხეს, რაც არის სიმბოლო საპოლიციო სახელმწიფოსი, „ქართულ ოცნებას“ სურს ასეთ სახელმწიფოდ გადააქციოს საქართველო“.
„დაპატიმრებული ნაძვის ხე პარლამენტის წინ. მერი ეპატიჟება ბავშვებს, ხელისუფლება უხმობს მხარდამჭერებს 7 საათზე შეიკრიბონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე – სწორედ იმ ადგილას და იმ დროს, სადაც დემონსტრანტები ერთმანეთს ხვდებიან უკვე მეჩვიდმეტე დღეა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ გამოიწვიოს კონფრონტაცია“.
13 დეკემბერს პრეზიდენტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“.
ამ განცხადებას გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს “ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა” და “სრულად უსაფრთხო გარემოს” ჰპირდება.
მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
წყარო: რადიო თავისუფლება