პოლიცია ისევ აჩერებს მოქალაქეებს „იდენტიფიცირების მიზნით“

პოლიცია თბილისში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ისევ აჩერებს მოქალაქეებს „იდენტიფიცირების მიზნით“. ასე მოხდა გუშინაც, როცა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და მათ ფოტოები გადაუღო.
გუშინ, 19 ოქტომბრის დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ ნაწილს უკვე შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
ფორუმი