პოლიცია დემონსტრანტებს ეუბნება, რომ პარლამენტთან შესაკრებად მათი ნებართვაა საჭირო

თბილისში, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიციამ მოუწოდა გაეთავისუფლებინათ „ხალხის სავალი ნაწილი“. მსგავსი შინაარსის განცხადება ე.წ. დაკავების მიკროავტობუსიდან გაისმა.
ამ განცხადების გაჟღერების შემდეგ პოლიციასთან იურისტი კახა წიქარიშვილი მივიდა – მან მათ უთხრა, რომ მას ახალი კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაწერილი აქვს განცხადებები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა დემონსტრაციების გამართვის შესახებ.
კახა წიქარიშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ნებართვა არ არის საჭირო. განცხადება შემოვიტანეთ კანონის შესაბამისად. თუ რამე პრეტენზიაა სამ დღეში უნდა მიმეღო პასუხი.
პოლიციელი დავით მამაგეიშვილი: უნდა დაელოდოთ პასუხს საპატრულო დეპარტამენტიდან.
კახა წიქარიშვილი: ჩვენ ახლა რა გავაკეთოთ? კანონიერად ვდგავართ რუსთაველზე თუ უკანონოდ?
პოლიციელი დავით მამაგეიშვილი: უკანონოდ. იმიტომ, რომ თქვენ არ მოგსვლიათ შესაბამისი პასუხი. მიბრძანდით შესაბამის სამსახურში, განცხადების ნომერი გექნებათ… პასუხისმგებლობა იმაზეც უნდა აიღოთ, რომ ეს ხალხი აქ რომ დგას, უკანონოდ დგანან.
კახა წიქარიშვილი: განცხადება შემოტანილია. კონსტიტუციაში წერია, რომ ნებართვა არ არის საჭირო… წერილზე პასუხის გაცემა არ არის საჭირო. პასუხის გაცემა მაშინ გჭირდებათ, თუ პრეტენზია გაქვთ.
პოლიციელი დავით მამაგეიშვილი: [თუ] არის გამოქვეყნებული თქვენს განცხადებაზე პასუხი, ითვლება უარყოფითად.
კახა წიქარიშვილი: ანუ ნებართვა მჭირდება?
პოლიციელი დავით მამაგეიშვილი: დიახ… შეკრება რომ გინდა, ჩვენგან უნდა დაელოდოთ ნებართვას.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, -მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.
„სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება“, – წერია განცხადებაში.
ომბუდსმენი მიუთითებს კონსტიტუციის 21-ე მუხლზეც, რომელშიც წერია, რომ „ყველას […] აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
ერთი კვირის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
· ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
11 დეკემბერს, ამ ახალი კანონის მიღების მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ადვოკატმა კახა წიქარიშვილმა და აცნობა, რომ პარლამენტთან, „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქცია გაიმართება, „რასაც შედეგად მოჰყვება ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეტვა“.
„პარლამენტის წინა ტერიტორია დაჯავშნილია. ცალ-ცალკე განცხადება არის შეტანილი ყოველ დღეზე. შეგვიძლია 19 დეკემბრის ჩათვლით ვიგრიალოთ ტროტუარზე“, – დაწერა კახა წიქარიშვილმა ფეისბუკში.
ინფორმირების მიუხედავად, გუშინ, 16 დეკემბერს, პოლიცია დემონსტრანტებთან მივიდა და უთხრა, რომ ახალ კანონს სრული სიმკაცრით აამოქმედებენ.
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ – მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.

მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ