პოლიციაში ოცი წუთის შუალედში ორჯერ გამაშიშვლეს – გელა ხასაია

დაპატიმრებული აქტივისტი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია სასამართლო სხდომაზე ჰყვება, როგორ დააკავეს და ამბობს, რომ ორჯერ გააშიშვლეს.
მისი თქმით, ის დააკავეს 29 სექტემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ბრუნდებოდა.
„აქციიდან წამოვედი დაახლოებით 22:15 საათზე, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან, დადიანის ქუჩაზე მდებარე მეტროსთან. შევედი მაღაზიაში. გამოვედი და დავინახე „შკოდა“, უცბად თავი ჩავღუნე და რომ ამოვიხედე, უცბად დავინახე რამდენიმე ადამიანი. დაიწყეს ჩემი დაკავება“, – განაცხადა გელა ხასაიამ.
იგი ამბობს, რომ თავიდან ტელეფონის დაბლოკვას ცდილობდა: „როგორც კი დავბლოკე, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. აზრი არ ჰქონდა“.
აქტივისტის მონათხრობის თანახმად, დამკავებელთა შორის ერთი იყო მისი ნაცნობი პოლიციელი, რომელიც ხშირად უნახავს აქციებზე.
„მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი, რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო“, – განაცხადა ხასაიამ.
მისივე თქმით, პოლიციელებმა ის გადაიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
„ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)