პოლიციაში კაცის „გონების დაკარგვას“ და გარდაცვალებას „უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების“ მუხლით იძიებენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში 38 წლის კაცის „გონების დაკარგვის“ და შემდეგ კლინიკაში გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს „სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების“ მუხლით.
„2025 წლის 7 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, იმავე დღეს „გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოკითხვაზე მყოფი ა.ყ. მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში“.
თბილისში ერთ-ერთ რესტორანთან ჩხუბის მონაწილე 38 წლის კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, -ის თანახმად, ის „გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა“, კლინიკაში გადაყვანიდან ორ დღეში კი გარდაიცვალა.

ჩხუბი 7 ივნისს მოხდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. შსს-ის გამოძიების ვერსიით:
· რესტორანში დაწყებული შელაპარაკება იმავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
· დაპირისპირებაში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი. შსს მხოლოდ მათს ინიციალებსა და დაბადების წლებს ასახელებს.
· დაღუპულია 38 წლის კაცი, ინიციალებით ა.ყ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ჩხუბის მონაწილე სამი ადამიანი დაკავებულია. კადრებში სულ შვიდი ადამიანი ჩანს. შსს-ის ცნობით, ჩხუბში ოთხი მათგანი მონაწილეობდა – ორი ორის წინააღმდეგ.
დაპირისპირების შესახებ გამოძიების ვერსია ასეთია:
27 წლის ს.უ.-მ და 29 წლის დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში, დაზიანებები მიაყენეს აწ გარდაცვლილ ა.ყ.-ს, მან კი ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მათ.
დაღუპულის თანმხლებმა პირმა, – მისი ინიციალებია ი.ტ., – „ფიზიკურად იძალადა“ დანარჩენ ორზე – ს.უ.-სა და დ.ს.-ზე.
ჩხუბის შემდეგ, შსს-ის თანახმად, „როგორც კონფლიქტში მონაწილე, ისე შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს“, მოგვიანებით კი ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მიიყვანეს.
„საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს… სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში ა.ყ. გარდაიცვალა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 11 ივნისს.
ფორუმი