პოლიციაში ინფორმაცია შევიდა გასროლაზე „ჰოლიდეი ინნში“, დაკავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ ერთი პირი დააკავეს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰოლიდეი ინნში“ უცნობი პირი მოქალაქეს იარაღით ემუქრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. სასტუმროს შენობის მიმდებარედ სამაშველო სამსახურმა გასაბერი ლეიბი გაშალა.
„შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. -ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და ვერ გეტყვით, ცეცხლსასროლი იარაღი არის თუ არ არის ამოღებული“, — განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.
მისი თქმით, დაკავებული ნომერში მარტო იმყოფებოდა. მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
სირაძის თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძახების ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ „სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.