მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძისა და უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლის, კახა თილიძის დაზიანებული გრაფიტის აღდგენას ცდილობდნენ პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. ისინი უკვე გაათავისუფლეს.
უცნობია, რა გახდა მათი განყოფილებაში გადაყვანის საფუძველი. ფეისბუქ-ლაივში, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა, ლექსო სამხარაძემ გადაყვანამდე გადაიღო, პოლიციელი მათ ეუბნება, რომ მიჰყავთ “რეაგირების ოქმის” შესადგენად. მათ არ განუმარტავთ, რა არის რეაგირების ოქმი. პოლიციელებს მოქალაქეების სხვა კითხვებზეც არ გაუციათ პასუხი. მხოლოდ მიუთითეს, რომ თან წაეღოთ საღებავები და სხვა ნივთები, რომლითაც მუშაობდნენ.
შემთხვევა თბილისში, მთაწმინდის რაიონში მოხდა. ლექსო სამხარაძემ დაახლოებით 4-საათით ადრე გამოაქვეყნა გიორგი ანწუხელიძისა და კახა თილიძის დაზიანებული გრაფიტის სურათი.
“რა მორალის უნდა იყოს ქართველი ადამიანი, გიორგი ანწუხელიძის და კახა თილიძის გრაფიტი წაშალოს? გმირების დანთებული ცეცხლი, აუცილებლად დაწვავს ყველა კოლაბორანტს. დიდება გმირებს. იმპერია დაეცემა”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ამის შემდეგ, მან ცოტნე ჯაფარიძესა და დავით ტატიაშვილთან ერთად გრაფიტის აღდგენა დაიწყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიდის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენას სთხოვს. მათ შორის კომუნიკაციას იღებდა კიდევ ერთი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ პოლიციიდან იყო.
“რას ვაკეთებთ ნახეთ. აი, აქ იყო ორი ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის და კახა თილიძის სტენსილი. ვიღაც დედამ*******ი ადგა და წაშალა. ეს ამბავი მოხდა. ჩვენ ეს ვნახეთ, ძაან გულზე მოგხვდა. მოვედით, მოვიტანეთ სტენლსილი, რომ შევღებოთ და დავხატოთ თავიდან ეს სტენსილი. შელახულია ეროვნული გმირი [სტენსილი], რომელიც 2008 წელს ქართულ დროშაზე ფეხის არდაბიჯების გამო აწამეს და მოკლეს. რა ვიცი, თუ რამეს ცუდს ვაკეთებთ და ვაშავებთ, მითხარით”, – აუხსნა პოლიციელებს ცოტნე ჯაფარიძემ.
ამის შემდეგ პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ სამმართველოში უნდა გადაეყვანათ. კითხვაზე რატომ, ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა – “უნდა შევადგინოთ რეაგირების ოქმი”.
“რაზე? – ჩაეკითხა მას ცოტნე ჯაფარიძე.
“აი, ამასთან დაკავშირებით” – უპასუხა მას პოლიციელებმა.
სხვა ახსნა-განმარტება მათ არ გაუკეთებიათ. მოქალაქეთა კითხვებს ისინი აგრესიად აღიქვამდნენ და მოუწოდებდნენ კორექტულობისკენ.
განყოფილებაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში ისინი გაათავისუფლეს.
ცოტნე ჯაფარიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათთვის არანაირი ჯარიმა არ დაუკისრებიათ და არც სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენიათ, თუმცა ჩამოართვეს ნივთები (სტენსილები), რომლითაც გრაფიტის აღდგენას აპირებდნენ.
