პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა „აფრიკის“ დასახლებაში ხალხის გამოსახლების დროს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ყველა მათგანს ედავებიან პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.
პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავს შეუძლია მოქალაქის ადგილზე დაკავება – სასამართლოს კი შეუძლია მას დააკისროს 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დღეს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.

აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობიდან ათობით ოჯახის გამოსახლება დაახლოებით ერთის საათის წინ დაასრულა. როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ შენობაში მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ შემოკავებული.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან „მიიღეს შეთავაზებები“. გარდა ამისა, იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მსგავსი სტატუსი, „კრედიტორმა შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!