პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა კაკაბაძის ქუჩის მიმდებარედ

პოლიციამ დაახლოებით 10 ადამიანი დააკავა თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, სადაც მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი. მათ შორის არიან ქალებიც.
„ქვემოთ მარშის ნაწილია ჩასული და გვინდა ჩვენც ჩავიდეთ. რეაქციულები არიან პოლიციელები, უცბად შეუვარდებიან ადამიანებს და აკავებენ“, – ეუბნებოდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე მეგი დიასამიძე „TV პირველს“, როცა პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა – დემონსტრანტებს შორის მდგომ ახალგაზრდა კაცს ხელი ჩაავლეს და დაკავების ავტომობილისკენ წაიყვანეს.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა და საბაბი უცნობია.
დღეს, 19 ნოემბერს ერთი წელი შევიდა 21 წლის მათე დევიძის დაკავებიდან. მის მხარდასაჭერად დაიგეგმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტის მიმართულებით.
მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდა. მათ დასაბნევად დემონსტრანტები ვიწრო ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, ს შედეგების – რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს – წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
პროკურატურა მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა – მან სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პროკურატურის მტკიცებით, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მათ „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მათე დევიძეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
ფორუმი