დღეს საღამოს, 22 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, გზის გადაკეტვის მცდელობის შემდეგ. ჯერჯერობით მათი რაოდენობა და ვინაობა დაუზუსტებელია – ინფორმაცია თანადათანობით განახლდება.
დაკავებულთა შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 10-ს გადასცდა.
დაახლოებით 20:00 საათისათვის რამდენიმე მოქალაქე გზის სავალ ნაწილზე გადავიდა.
ერთი მათგანი გზაზე წამოწვა, მეორე – მწერალი ირაკლი ლომოური თავის მიტანილ სკამზე დაჯდა; კიდევ ერთი ადამიანი კი გზის შუაში, ასფალტზე დაჯდა.
შემდეგ პარლამენტის წინ პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და მათ მოუწოდა, გზა გაეთავისუფლებინათ.
ამ დროს ერთ-ერთი გოგო პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. პოლიციის მოწოდებების შემდეგ ჩამოვიდა.
მალევე გზაზე უფრო მეტი დემონსტრანტი გადავიდა.
მოგვიანებით ადგილზე მოვიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა და მოქალაქეთა დაკავება დაიწყეს.
პოლიციელებმა ტროტუარის გვერდით „კორდონი“ აღმართეს და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევენ.
დღეს აქ ჟურნალისტების მიმართვა იყო დაგეგმილი.
დაკავებულთა შორის არიან ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი – რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით.
დღეს ამ აქციაზე დაკავებულთა გარეშე, 22 ოქტომბრის საღამოსათვის, კანონმდებლობის მორიგჯერ გამკაცრების შემდეგ, 19 ოქტომბრიდან 65 ადამიანი იყო დაკავებული.
მათ უმეტესობას პატიმრობა შეუფარდეს.
წინა კვირაში ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი




