შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ: აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“,- განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.
