დღეს, 20 ოქტომბრის დილიდან პოლიციამ კიდევ რამდენიმე მოქალაქე გადაიყვანა სასამართლოში. გასული დღეების პრაქტიკის მიხედვით, პროევროპული ქციების მონაწილეებს პოლიციელები ხვდებიან სახლთან, ან ქუჩაში და გადაჰყავთ საქალაქო სასამართლოში, სადაც “ქართული ოცნების” ახალმიღებული რეპრესიული კანონის შესაბამისად, “გზის გადაკეტვის” ან სახის დაფარვის საფუძვლით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობენ.
ერთ-ერთი ვინც პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა თემო სარალიძე. მისი სასამართლო სხდომა უკვე დაწყებულია. დაკავებული მოქალაქის და, თეონა სარალიძე ამბობს, რომ დაახლოებით 2 დღის განმავლობაში სადარბაზოსთან პოლიციელები უთვალთვალებდნენ, დღეს დილით კი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ, აქციაზე, სარალიძე პოლიციამ სარალიძე პოლიციამ იდენტიფიცირების მიზნით გააჩერა, შემდეგ კი გაჩხრიკეს. სარალიძის დის ინფორმაციით, ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ მას პირბადე ყელზე ეკეთა და სახე არ ჰქონდა დაფარული.
მეგობრების ინფორმაციით, სახის დაფარვის საფუძვლით პოლიციამ წაიყვანა საბა ჯაფარიძეც. მის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი ამ წუთებშიც [14:20] არკვევს. დეტალების დაზუსტების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, სამტრედიაში გააჩერეს და სასამართლოში იძულებით გადაჰყავთ მოქალაქე თამარ თოთლაძე. ის გზიდან დაუკავშირდა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. ავსაჯანიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თოთლაძე გააჩერა პოლიციელმა ვალერი დვალიშვილმა, რომელმაც არაერთხელ განუმარტა, რომ დაკავებული არ არის. თუმცა, მას გადაადგილება შეუზღუდა, ფაქტობრივად, იძულებით ჩასვა მანქანაში და წაიყვანა თბილისისკენ, სასამართლოში. ადვოკატი განმარტავს, რომ მსგავსი საპოლიციო მოქმედება არ არსებობს.
პოლიციამ წაიყვანა “ფორმულას” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.
“ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა! რომ ჰგონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – წერს ქეთა ციცქიშვილი სოციალურ ქსელში.
აქტივისტ ნათია გაბრავას ინფორმაციით, პოლიციამ წაიყვანა მოქალაქე ნინო ბერუაშვილიც.
ამავე თემაზე:
· მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას – „ფორმულა“




