პოლიციამ მელიქიშვილზე მოქალაქეების დაშლის დროს მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე დააკავა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ოპერატორის მიმართ აგრესიულია და მის მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებს.
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბარამიძე ნაცემია.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.
შსს-ს წარმომადგენელმა ფორმულასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ არიან დაკავებულები, თუმცა ვინ დააკავეს ან რამდენი ადამიანი, მან არ დააზუსტა.