ონლაინ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ საბა სორდიას პოლიციელმა კამერა წაართვა რუსთაველის გამზირზე. შემთხვევა დღეს, 14 მაისს მოხდა, როცა ის პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსულ აქციას აშუქებდა.
„პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, დაახლოებით, ჯვრის უკან ვიდექი და ვიღებდი. ხელში მეკავა GoPro-ს მცირე ზომის კამერა. მოულოდნელად პოლიციელმა წამგლიჯა ხელიდან. უცებ დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ, ვიღებ, მაღლა ავწიე ჩაფხუტი, რომელზეც მაწერია „პრესა“, თუმცა უშედეგოდ, კამერა არ დამიბრუნეს,“ — უთხრა საბა სორდიამ ნეტგაზეთს.
ჟურნალისტი როგორც ამბობს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს და აცნობა მომხდარი ინციდენტის შესახებ, ასევე, გამოიძახა პატრული, რომელმაც ის გამოჰკითხა და ოქმი შეადგინა. გარდა ამისა, მან ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას.
შემთხვევიდან რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა პოლიციას ჟურნალისტისთვის კამერა ჯერ არ დაუბრუნებია.
როგორც „ინდიგოს“ ჟურნალისტი ამბობს, წართმევის მომენტში კამერა ჩართული იყო და აუცილებლად გადაიღებდა წართმევის მომენტს.
„კამერა თუ საერთოდ დამიბრუნეს, ალბათ, ამ კადრებს წაშლიან,“ — ამბობს საბა სორდია.