პოლიციამ დააკავა, სავარაუდოდ, წუხანდელი აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე – განახლებადი

24 ოქტომბერს რამდენიმე პირი დააკავეს, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და გამზირის გადაკეტვის გამო.
დაკავებულთა შორის არიან:
ბაჩო ქიმუცაძე – “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
ნათია ლეთოდიანი – პარტია „დროა“ წევრი;
დავით მშვენიერაძე – იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი;
ნინო ლაღიძე – გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი;
ზურა ცეცხლაძე – “დაფიონის” დამფუძნებლის, პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვიად ცეცხლაძის მამა;
თენგო კირთაძე – პარტია “ფედერალისტების” წევრი;
ანუკა გამსახურდია – სამოქალაქო აქტივისტი;
დანი მაღრაძე – სამოქალაქო აქტივისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი