პოლიციამ აქციიდან მომავალი თსუ-ის ლექტორი გიორგი წოწკოლაური და სანდრო ლიპარტელიანი დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან მომავალი 2 მოქალაქე დააკავა. დაკავებული არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი წოწკოლაური და სანდრო ლიპარტელიანი.
ფორმულას დაკავებამდე მათთან ერთად მყოფმა პირმა თეონა მატარაძემ, რომელთან ერთადაც ტაქსით იმგზავრეს, უთხრა, რომ დაინახა, როგორ “გადმოხტა შკოდიდან 2-3 კაცი და აეკიდნენ [გიორგის და სანდროს]”. ეს სპორტის სასახლის მიმდებრე ტერიტორიაზე მოხდა.
“რესპუბლიკის მოედანზე ვიყავით ერთად, გამოვიძახეთ ტაქსი, ჩავსხედით სამივე და სპორტის სასახლესთან, ცოტა წინ, სადაც ცხოვრობს გიორგი გავაჩერეთ, ჩამოვიდნენ [გიორგი და სანდრო] და როცა უკვე დაიძრა ტაქსი, რეფლექსურად, უკან მივიხედე და დავინახე, რომ შკოდიდან რამდენიმე, 2 თუ 3 კაცი გადმოხტა და აეკიდნენ, დავურეკე მაშინვე, რა ხდება მეთქი და მითხრეს, უკვე სპარში ვართ, ნუ გეშინია, გაგვჩხრიკეს, ჩანთა და ჯიბეები შეგვიმოწმეს, თუმცა ხელი არ ჩაუყვიათ ჯიბეში, მშვიდად იყავი, ავდივართ სახლშიო. არ ვიცი, ჩემს დასამშვიდებლად თქვეს ეს თუ რა, მაგრამ ამის მერე უკვე კონტაქტი აღარ მქონია, ვნახე [გიორგის] ლაივი, განყოფილებაში გადავყავართო”, – თქვა თეონა მატარაძემ.
გიორგი წოწკოლაურმა ადგილზე Facebook-ის LIVE-იც ჩართო, რომელშიც ამბობს: “გაგვაჩერეს სპორტის სასახლესთან და გადავყავართ ქალაქის სამმართველოში, ოღონდ, არ გვეუბნებიან რის საფუძველზეა ეს ამბავი”.