პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სხვა დაკავებულების გათავისუფლებასაც.
აქციის მონაწილეები 21 ნოემბერს მსვლელობით მივიდნენ მელიქიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც 19 ნოემბერს დევიძე დააკავეს, შემდეგ კი, ასევე ფეხით დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოს მიმართულებით, სადაც სტუდენტებს საპროტესტო კარვები აქვთ გაშლილი.
“თავისუფლების მოედნის” წევრი, სიმონ ჯანაშია, რომელიც აქციას შეუერთდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავამხნევოთ ერთმანეთი და დავიცვათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება იწყებს რეპრესიებს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. არამხოლოდ ადამიანების, ორგანიზაციებისიც. “რუსული კანონი არის ორგანიზაციების შეზღუდვა, მედიის შეზღუდვა. ჩვენ თუ ამის საშუალებას მივცემთ, ეს არის სიმსივნესავით – იწყება პატარა მეტასტაზებით და შემდეგ მთელ ორგანიზმს კლავს”, – ამბობს ის.
მათე დევიძეს გამოძიება პოლიციაზე თავდასხმას ედავება. ოფიციალურ ბრალს პროკურატურა მას 22 ნოემბერს, დილით წარუდგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა“.
საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.
19 ნოემბერს, დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად -მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.