პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ფულის დახარჯვა, ანუ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მისი გამყარების მიმართულებით იმუშავებს – ფინანსისტი

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, ს შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.
საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და არ უნდა გამოიწვიოს სავალუტო ბაზარზე მკვეთრი მერყეობა. ამიტომ ბევრი რამ ხელისუფლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, რამდენად ზომიერად დახარჯავს ფულს.
,,ლარის კურსთან დაკავშირებით შემოდგომისას რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ველოდები. არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე სტაბილურად გამოიყურება. მთავარია, როგორი იქნება სამთავრობო ხარჯი, თუკი ზომიერება შენარჩუნდება, არ მგონია, რომ კურსს რაიმე დაემუქროს.
პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ფულის დახარჯვა, შესაბამისად, ბევრი ტრანზაქცია იქნება – უცხოური ვალუტის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში. ინტერვენციები გააქტიურდება, ანუ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების მიმართჲლებით იმუშავებს. ამ ეტაპზე გაუფასურების საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, რომ ინფლაცია დაბალია, ეკონომიკური ზრდა კი საშუალოზე მაღალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კურსის გასამყარებლად.
აღსანიშნავია ასევე ფულადი ტრანსფერები. აქ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ფულადი ნაკადი აქტიურად შემოედინება. ამდენად, არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს”, – აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია, საარჩევნო კამპანია როგორ ჩაივლის და რამდენად არაძალადობრივი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში.
,,თუკი მწვავე ექსცესებს ექნება ადგილი, ეს ინვესტორებსაც დააფრთხობს და შეიძლება რეზერვების გატანის პროცესს ბიძგი მიეცეს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ სავალუტო კურსზე, მაკროეკონომიკური ფაქტორები კი დამოკიდებულია, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის საარჩევნო პერიოდი, სხვა არაფერი მეტყველებს, რომ კურსს უახლოეს პერიოდში როგორი რყევები ექნება. საშუალო და მოკლევადიან პერიოდში როგორ მოიქცევა ლარი, ეს უკვე დიდწილად მაკროეკონომიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნა თუთბერიძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ