პოლიტიკური ჯგუფი XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რომლის შექმნის შესაძლებლობა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა, XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება – პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებას “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ნებისმიერი შვიდი დეპუტატი შეძლებს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს.
რეგლამენტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა: – გურამ მაჭარაშვილმა, ზაალ მიქელაძემ, სოზარ სუბარმა, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, მ, ირაკლი ბერაიამ და ვიქტორ ჯაფარიძემ დააინიცირეს – სწორედ იმ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით შევიდნენ, არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თუმცა ფრაქცია “ქართულ ოცნებაში“ არ შედიან.
მათ მიერ მომზადებული პროექტით, 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 7 წევრს, რომლებიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებენ, შეუძლიათ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნან. პროექტით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.
ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად X მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეული იყო, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. თავის მხრივ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ფრაქციის ფორმირების წესის გათვალისწინებით, ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შექმნა.
თავდაპირველად, წინა მოწვევის პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, თუმცა მოგვიანებით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობა ორამდე შემცირდა.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით ეს წესი მხოლოდ X მოწვევის პარლამენტისთვის არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს