პოლიტიკური წნეხი ლარზე დროებითია – საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას პროგნოზირებენ

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის – 213 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, რაც მთლიანად 2023 წელთან შედარებით უფრო მეტი მოცულობის ინტერვენციას წარმოადგენდა.
სავარაუდოდ, აღნიშნული ინტერვენციების გათვალისწინებით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა მინიმუმ 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუკი რეზერვების ნიშნული ამჟამად 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს ნიშნავს რომ მისი მოცულობა ბოლო 12 თვის განმავლობაში 600 მილიონ დოლარზე მეტად არის შემცირებული.
სწორედ ამ ინტერვენციების შედეგია კურსის სტაბილურობა, მანამდე სავალუტო ბაზარზე მცირედი მერყეობა შეინიშნებოდა, თუმცა სებ-ის გახარჯულმა რეზერვებმა სიტუაციაა დაასტაბილურა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტის ნაწილი სავალუტო ბაზარზე აპოკალიფურ სურათს ხატავს. ისინი ფიქრობენ, რომ ს ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარი ჩამოემხობა.
„ეროვნული ვალუტა დიდი წნეხის ქვეშაა, რადგან გაურკვევლობაა. არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. იქნება ეს არჩევნები ლეგიტიმური თუ არა. თუ გაყალბებულია და ლეგიტიმაცია არ შედგა, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ამ გაურკვევლობაში ბევრი ინვესტორი ყიდის ლარს და ყიდულობს დოლარს, რომ გაურკვევლობის დროს რისკი დააზღვიოს.
მგონია, რომ წერტილოვანი ინტერვენციები რაღაც დონეზე გამართლებულია. თუ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში ლარი მკვეთრად დაეცემა და ეს ძალიან დიდ პანიკას გამოიწვევს. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი უნდა მოგვარდეს, სხვანაირად შეიძლება ლარის ჩამოემხოს”, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ზოგიერთ ეკონომისტს საერთოდ წარმოუდგენელი პროგნოზი აქვს და ასეთ კითხვას სვამს – „რა უნდა ვქნათ, თუ დოლარი 5 ლარის გახდება?”
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით. წარმოვიდგინოთ, რომ ეროვნული ბანკის ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა, ლარი ვერ დაიჭირა და პირობითად 1 დოლარის ღირებულება გახდა 5 ლარი, რას ვაკეთებთ ამ დროს?! მზად არის ქვეყანა ამ ყველაფრისთვის?!
მოსახლეობის 70%-ს აქვს საბანკო ვალდებულება, რომელსაც აუცილებლად შეეხება ეს შედეგები. 1-2 თვის განმავლობაში ეს შედეგები მოკლავს მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დარჩება უმუშევარი”, – განაცხადა გადაცემაში „საქმე” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.
საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას პროგნოზირებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური სიტუაციას ლარზე ასახვა დროებითი იქნება.
როგორც „ კაპიტალში” ითქვა, ლარის კურსი 2024 წლის ბოლოდან მომდევნო წლის ბოლომდე დაახლოებით 2.80-იან და 2.70-იან ნიშნულებს შორის იქნება.
“ლარის კურსის მხრივ, იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა, ხოლო ოქტომბერში, რომლის მონაცემებიც ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი;
თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით, პრაქტიკულად, მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა;
პროგნოზს რაც შეეხება, 2024 და 2025 წლების ბოლოსათვის აშშ დოლართან მიმართებით ლარი დაახლოებით 2.80-სა და 2.70-იან ნიშნულთან იქნება”, – ნათქვამია “ს” მიმოხილვაში.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის 2.80-იანი ნიშნულს პროგნოზირებენ „გალტ ენდ თაგარტშიც”.
„2024 წლის 31 ოქტომბრისთვის ლარი 2,75-მდე დაეცა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაუფასურება გაგრძელდება არჩევნების შემდგომი გაურკვევლობის გამო და ველით, რომ ლარი 2024 წლის ბოლოსთვის აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80 იქნება”, – აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში.
ფინასისტთა დიდი ნაწილი მდომარეობის გაუარესებას არ ელის. მათი თქმით, სებ-ი კურსის მართვას ახერხებს. როგორც საერთაშირსო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, ასეთი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, ეროვნული ვალუტა 2.75-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
„რეზერვები რომ გახარჯულია, ეს უკვე ჩანს. თუ გაგრძელდება ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, როგორც ახლა არის, მაშინ, ვფქრობ, ეროვნული ვალუტა შენარჩუნდება 2.75-ის ფარგლებში, მაგრამ მოგვიწევს რეზერვების დახარჯვა. მის გარეშე კურსი სტაბილურად არ იქნება. დაახლოებით თებერვალში ვთქვი, რომ არჩევნებამდე 400 მილიონი დოლარის გაყიდვა მაინც მოუწევს ეროვნულ ბანკს-თქო და უკვე მეტიცაა გახარჯული, რადგან ბოლო დღეებში საკმაო თანხაა გამოიყენეს კურსის დასასტაბილურებლად”, – განაცხადა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ლარის ახლა იქნებოდა დაახლოებით 2.80-2.85-ის ფარგლებში.
კიდევ ერთი ექსპერტს, საბანკო სფეროს სპეციალისტს ლია ელიავას მიაჩნია, რომ მკვეთრი მერყეობის გასანეიტრელებლად, ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით საკმარისი სავალუტო რეზერვი გააჩნია.
„კომერციული ბანკებისათვის რეზერვების მიწოდება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია კურსის რეგულირება. სხვა ინსტრუმენტი სებ-მა არ შეიქმნა. ვგულისხმობ, თუნდაც კურსის ვარდნის დროს ბანკთაშორისი ვაჭრობის შეჩერებას. სხვა ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა. ეროვნულმა ბანკმა კი დაიტოვა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი – სავალუტო ინტერვენციები.
ბოლო პერიოდის სავალუტო სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი მზად არის ბაზარზე იმაზე მეტი უცხოური ვალუტა გაიტანოს, ვიდრე მოთხოვნა არსებობს, ანუ დააკმაყოფილოს კომერციული ბანკების მოთხოვნის 100%. ხშირად გატანილი თანხის სრულად ათვისებაც ვერ ხერხდება.
კურსის ახლანდელ მერყეობას მე პირდაპირ ვერ დავუკავშირებ არჩევნებს, რადგან ქვეყანაში ასეთი სიტუაცია ძალიან ხშირად წარმოიქმნება, თითქმის 2-3 თვეში ერთხელ, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, სავალუტო ბაზარზე გავლენა იქონია ლარის დიდმა ხარჯვამ, ანუ ბაზარზე გამოტანამ და მისი მიმოქცევის მოცულობის ზრდამ, რამაც ნაწილობრივ გამოიწვია კურსის მერყეობა. ასე რომ, ეროვნული ბანკის რეაქცია იყო ჩვეულებრივი და მე ამას არ დავარქმევდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როგორც საუბრობენ.
საერთოდ, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის იწვევს დაძაბულობას, მათ შორის სავალუტო ბაზარზე, რადგან პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური რყევა, განაპირობებს სავალუტო ცვლილებას, მაგრამ ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით გააჩნია საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომ მკვეთრი მერყეობა გაანეიტრალოს”, – განაცხადა ლია ელიავამ.
წყარო: რეზონანსი