პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ ცვლილებებს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ ცვლილებებს ქართული ოცნების პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გაიტანეს. მანამდე ცვლილებებს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
ქართული ოცნების ცვლილებების მიხედვით, “კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები” ვეღარ იყრიან კენჭს საპარალამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს. ასევე, “ეს ადამიანები საერთოდ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას”.
“კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური, თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუცით გათვალისწინებნული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართავში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა”, – აცხადებენ ოცნებაში.
გარდა ამისა, რეპრესიული ცვლილებები შეეხებათ პარტიებსაც. კერძოდ, მათ აეკრძალებათ, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირების პარტიულ სიებში შეყვანა, მათგან შემოწირულობების მიღება, “წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.”
“ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედები პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებსენ შემოწირულობებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ წესით დაჯარიმებას”, – განაცხადეს ოცნებაში.