პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს. საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, შესაბამისად იურიდიულ პირებს პარტიებისთვის თანხის გაცემა ეკრძალებათ.
ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს. ყველა ამბობს, რომ ეს ცვლილება არაფერს შეცვლის: ხელისუფლების შიშით, იურიდიული პირები ისედაც თავს იკავებენ ოპოზიციის დაფინანსებისგან, „ოცნება“ კი „სხვა გზებს გამოიყენებს“.
არასამთავრობო სექტორი მიუთითებს, რომ მთავარი პრობლემები – მაკონტროლებელი მექანიზმების სისუსტე და დაუსჯელობის სინდრომია.
კრიტიკა მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
კანონის ოქმედი ნორმის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს.