პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ ერთი საჯარო მოხელე, თაკო კავკასიძე საუბრობს.
თაკო კავკასიძის განცხადებით, ის რეგიონული განვითარებისა სამინისტროდან იმ პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს, რომლითაც არაერთმა საჯარო მოსამსახურემ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ მომავალს და გაემიჯნა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას.
„სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამით დასრულდა ჩემი 10 წლიანი მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სისტემამ ვერ აიტანა ჩემს მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია და ხელის მოწერა იმ პეტიციაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გულისხმობდა.
სამინისტროს გაყოფის შემდეგ ჩემი დეპარტამენტი მოხვდა რეგიონული განვითარების სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, პარტიამ და მისმა წარმომადგენელმა მინისტრმა, კახა გულედანმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, შეუფერებელი იყო აღნიშნულ პოზიციაზე.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, საქართველოს აუცილებლად
ექნება ევროპული მომავალი.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“- წერს Facebook-ზე თაკო კავკასიძე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.