წინა კვირაში, გერმანიის კანცლერმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ლიბერალური პარტიის ლიდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახლა ის აპირებს, იანვრის შუა რიცხვებში პარლამენტარებს ნდობის გამოცხადების საკითხი წარუდგინოს, რათა გერმანიის საპარლამენტო არჩევნები მარტში, დაგეგმილზე ექვსი თვით ადრე ჩატარდეს.
გერმანიის მმართველი კოალიციური მთავრობა აღარ არსებობს. 6 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის გადაყენებამ წერტილი დაუსვა სოციალ-დემოკრატების (SPD) მყიფე ალიანსს მემარცხენე „მწვანეებთან“ და მემარჯვენე-ლიბერალურ „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიისთან“ (FDP). „ის ძალიან ხშირად ღალატობდა ჩემს ნდობას“, – ასე იმართლა თავი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ამის შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ უმალ გამოაცხადა, რომ მისი ყველა მინისტრი დატოვებდა მთავრობას, რითაც კანცლერი დეპუტატთა კორპუსში უმრავლესობას დაკარგავდა.
ოლაფ შოლცი გერმანელ პარლამენტარებს იანვრის შუა რიცხვებში წარუდგენს ნდობის საკითხს, რათა საპარლამენტო არჩევნები მარტში, დაგეგმილზე ექვსი თვით ადრე ჩატარდეს. კოალიციის დაშლისთვის ასეთი დროის შერჩევა აჩენს კითხვას: არის თუ არა ის რაიმე კავშირში აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან? „წარუმატებელი დამთხვევაა. გასულ კვირას უკვე გაიმართა მოლაპარაკებები კოალიციის წევრებს შორის, ამიტომ ველოდით, რომ ის ოთხშაბათს დაიშლებოდა“, – იღიმება ფრანკო-გერმანული ურთიერთობების კომიტეტის გენერალური მდივანი, პოლ მორისი. ალიანსის მემარცხენე და მემარჯვენე ფრთებს შორის უფსკრული, რომელიც თითქმის სამი წლის წინ, 2021 წლის ნოემბრის ბოლოს გაჩნდა, ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაღრმავდა. საბიუჯეტო უთანხმოება, შიდა დაპირისპირება, ლიბერალური ელექტორატის უკმაყოფილება… ეს იყო ნაპერწკლები, რომლებისგანაც ცეცხლი აგიზგიზდა.
დაძაბულობა, ძირითადად, ბიუჯეტის ხარჯვის საკითხმა შექმნა. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ალიანსის მემარცხენე ფრთას სურდა, ეროვნული ეკონომიკის აღდგენისთვის ფართოდ გაეხსნა კარი, ლიბერალები კი სოციალური ხარჯების შემცირებას და მკაცრ ფისკალურ დისციპლინას უჭერდნენ მხარს. „მთავარი პრობლემა იყო ვალის მუხრუჭი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ემხრობოდა და რომელიც გერმანიის ეკონომიკისთვის მაქსიმუმ 0,35%-იანი საბიუჯეტო დეფიციტის დაწესებას ითვალისწინებდა, – განმარტავს პოლ მორისი, – მან დაბლოკა „მწვანეების“ მიერ მხარდაჭერილი „მწვანე“ (განახლებად) ენერგეტიკაზე“ გადასვლა და ყველა პარტნიორისთვის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციების ჩადების უფლება – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა“.
ფისკალური რყევებით გამოწვეული შოკი ყველასთვის თვალშისაცემია, რადგან ის გერმანიის ეკონომიკას ჯოჯოხეთში ამყოფებს. ქვეყანა ინფლაციამაც არ დაინდო და 2024 წელს ნულოვანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. პოლ მორისის თქმით, ზოგიერთმა ღონისძიებამ, რომელსაც მხარს მთავრობის მემარცხენე ფრთა უჭერდა, შედეგი ვერ გამოიღო, ან შეზღუდული ეფექტი ჰქონდა. „უკრაინის ომით გამწვავებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა დაჩქარებულიყო „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლა ( ქვანახშირზე უარის თქმის გზით), რადგან გაზის ფასების ზრდა ამ გზაზე გადაულახავ დაბრკოლებად იქცა. იგივე ეხება 2022 წელს მინიმალური საათობრივი ხელფასის ზრდასაც, რომელიც, დღევანდელი ნახტომისებური ინფლაციის პირობებში, საერთოდ აღარ იგრძნობა“, – ამბობს პოლ მორისი.
შაბათს გერმანულ პრესაში გაჟონა 18-გვერდიანმა დოკუმენტმა, რომელმაც პატრუქი საბოლოოდ ააგიზგიზა. მასში კრისტიან ლინდნერი ასახელებს მთავრობის მიერ მისაღებ სხვადასხვა ზომას, მათ შორის – „სოლიდარობის გადასახადის“ გაუქმებას და ეკოლოგიურ მიზნებზე უარის თქმას. „ტექსტი ნეოლიბერალურ რიტორიკას ეფუძნება და კოალიციურ შეთანხმებასთან შეუთავსებელია“, – ასე გამოეხმაურა ამ დოკუმენტს სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) დეპუტატი, ნილს შმიდი გაზეთ „ტაგესშპიგელში“. ამ მზარდი უთანხმოების დასაძლევად, ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ახალი მოლაპარაკებები გამართა, რომელიც საბოლოო აღმოჩნდა.
„ეგოისტური“, „უპასუხისმგებლო“… კრისტიან ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესასთან საუბრისას, ოლაფ შოლცი სიტყვების შერჩევას არ ცდილობდა. „მთავრობის წევრი მზად უნდა იყოს კომპრომისზე წასასვლელად, რაც ყველა მოქალაქის ინტერესში შედის“.
„მაგრამ კრისტიან ლინდნერს ახლა ეს სულაც არ აინტერესებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც, ამ რიტორიკით, ფინანსთა მინისტრთან თავისი საშინელი ურთიერთობა საჯარო გახადა.
„კრისტიან ლინდნერი თავის კლიენტურაზე ზრუნავს. ის საკუთარი პარტიის მოკლევადიანი გადარჩენით არის დაკავებული“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე.
მოკავშირეების მიმართ ლოიალობას არც „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) ლიდერი იჩენდა. მაგალითად, კრისტიან ლინდნერმა ოლაფ შოლცის ეკონომიკურ წინადადებებს „მოსაწყენი“ უწოდა, ეკონომიკის ეკოლოგი მინისტრი კი მისი „კონცეპტუალური უძლურების“ გამო გააკრიტიკა. „თავიდანვე ის ისე იქცეოდა, როგორც ოპოზიციის ლიდერი მთავრობის მიმართ“, – განაცხადა ოქტომბრის ბოლოს ტრირის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა, მარკუს ლინდენმა, „ექსპრესთან“ („L’Express“) ინტერვიუში.
„კრისტიან ლინდნერის გადადგომის შემდეგ, FDP-ის სხვა მინისტრებმაც განაცხადეს, რომ კანცლერისთვის თავისი გადადგომის შესახებ შუამდგომლობით მიმართვას აპირებდნენ“, – აღნიშნა FDP-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, კრისტიან დიურმა. „ლიბერალებსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის ურთიერთობა მათი განსხვავებული შეხედულებების გამო გართულდა“, – მიიჩნევს პოლ მორისი. FDP, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, უფრო მარჯვნივ გადაიხარა, ვიდრე ოცდაათი წლის წინ იყო. „ამ პარტიაში არიან ლიბერალი მინისტრები, რომლებისთვისაც გადადგომა უფრო ადვილი იყო. მაგალითად, ტრანსპორტის მინისტრი მთავრობის გამო კი არა, არამედ საკუთარი პარტიის გამო უფრო გადადგა“, – განმარტავს პოლ მორისი.
ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ რიგითი წევრები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდნენ თავიანთ არჩეულ წარმომადგენლებს. წლის დასაწყისში პარტიის წევრებმა მოითხოვეს კენჭისყრა იმის თაობაზე, უნდა დარჩეს თუ არა FDP კოალიციაში. „ლე მონდი“ იხსენებს, რომ მაშინ ამომრჩეველთა 52,2%-მა კოალიციაში დრჩენას მისცა ხმა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს გაზეთ „ტაგეშპიგელის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, FDP-ს ამომრჩეველთა 63% არ იყო წინააღმდეგი, რომ მათ დეპუტატებს ბუნდესტაგი დაეტოვებინათ.
„ლიბერალური ამომრჩევლები მათ მთავრობაში ყოფნისა და კომპრომისების გამო საყვედურობდნენ“, – ამბობს პოლ მორისი. ამ არგუმენტს კრისტიან ლინდნერიც იზიარებს. „ჩვენი ამომრჩევლები გვეუბნებიან, რომ გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებს ზედმეტად დიდ დროს ვუთმობთ, FDP-ის პროგრამა და ღირებულებები კი პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამტკიცებდა ის Table Today-თან ინტერვიუში. „პარტიის ლიდერშიპმა, ბოლოს, თავისი მხარდამჭერების ხმა შეისმინა“, – დაასკვნის პოლ მორისი.
წყარო: 1 არხი