პოლიტიკური დაძაბულობა მოქმედებს, უფრო ინვესტიციების კუთხით, რომელიც ყველაზე სენსიტიურ მიმართულებად მიიჩნევა – მიხეილ ჭელიძე

პოლიტიკური პროცესების გავლენა ჰორეკა სექტორს საგრძნობლად დაეტყო, სადაც დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კადრების შემცირების პროცესი დაიწყო. სხვა დარგებს, განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებას, პრობლემა ამ კუთხით არ შექმნია და არც არის მოსალოდნელი.
სამეწარმეო ბიზნესში ,,ეკონომიკურ კრიზისზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევენ, თუმცა ადასტურებენ, რომ შრომის ბაზარზე გარკვეული შეფერხებაა, რაც გამოსწორდება, როგორც კი დაძაბულობა გაქარწყლდება.
მრეწველობაში სამუშაო ადგილების დეფიციტს გამორიცხავენ. მეორე მხრივ კი, იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების სფერო ყველაზე მოწყვლადია, მან საკმაოდ მძიმედ იწვნია მიმდინარე პროცესების არასასურველი გავლენა.
ქვეყანაში მიმდინარე კრიზისისა და დაბალი ტურისტული სეზონის პარალელურად, კვების ობიექტების ნაწილი უკვე დაიხურა, არადა სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში. “საქსტატის” 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, კვებისა და განთავსების სექტორში ოფიციალურად დასაქმებული იყო 43 ათასზე მეტი ადამიანი.
რესტორნების „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“ და „კაკლების“ მმართველი მერიკო გუბელაძის განცხადებით, კადრების შემცირების რეალური საფრთხე არსებობს და ადასტურებს, რომ თანამშრომლების შემცირება უკვე დაიწყო.
„დიდი და მკვეთრი პროცესი ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა კადრის შემცირება რაღაც რაოდენობით უკვე მოხდა. არადა, მე მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს ბოლო 10 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მერიკო გუბელაძემ ,,ბიზნესპარტნიორთან”.
მანვე დასძინა, რომ სარესტორნო ბიზნესის შემოსავლებმა 70%-ით მაინც იკლო და იქვე არ გამორიცხ, რომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, ობიექტები გარკვეულ მომენტში დახუროს კიდეც.
„არ გამოვრიცხავ, რომ რესტორანი დაიხუროს თუ არ მოგვარდება ეს კრიზისი. რესტორანი ძალიან დიდ იჯარას იხდის, დიდი ხარჯი გვაქვს. სრულფასოვნად რომ არ ვიმუშაოთ, ჩვენ ამხელა ქირის გადახდას ვერ შევძლებთ. თან ეს არ არის ბიზნესი, რომელსაც კაპიტალი აქვს და გაჭირვების დროს მოკიდებს ხელს ამ კაპიტალს და ამოიღებ. რესტორანს აქვს ყოველდღიური ბრუნვა – „მოვიდა-გავიდა“ ბიზნესია. თუ კრიზის გაგრძელდა, ვერ გადავიხდით ვერც ქირას, ვერც გადასახადებს, ვერც ხელფასებს და ლოგიკური დასასრული იქნება დახურვა“, – განაცხადა გუბელაძემ.
მომსახურების სფეროში პრობლემის არსებობა მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ დაადასტურა, თუმცა მან გადაჭარბებულად შეაფასა განცხადება ეკონომიკური კრიზისის შესახებ. მისი ინფორმაციით, კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა კადრებს ინარჩუნებს, თუმცა გარკვეული შეფერხება შეინიშნება, რაც დაძლევადია.
,,ზოგიერთი ბიზნესი პასიური გახდა, ყველაფერი ჩანაცვლებადია. ამასაც ეშველება, უბრალოდ, არ მესმის, რა შუაშია პოლიტიკა და ბიზნესი. ეკონომიკაში კრიზისი არ არის, ისეთი თაობა ვართ, ვიცით და გამოგვივლია ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი, ახლა ამაზე ლაპარაკი სრულიად უადგილოა, აქამდე არ მისულა საქმე და არც ნიშნებია. რაც ხდება, ეს არის უფრო შეფერხება.
სამუშაო ადგილების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, სექტორს ამ მხრივ საფრთხე არ უმუქრება. პოლიტიკური დაძაბულობა მოქმედებს, უფრო ინვესტიციების კუთხით, რომელიც ყველაზე სენსიტიურ მიმართულებად მიიჩნევა. მომსახურება ყველაზე ნაკლებად იტანს იმას, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. ტურიზმი მოწყვლადი მიმართულებაა. ჩვენი ინფორმაციით, თუკი სასტუმროებში დატვირთულობა 40%-ს შეადგენდა, ახლა 32%-ს არ აჭარბებს. ეს ცუდია, მაგრამ იმ ფონზე, რაც გადაიტანა ქვეყანამ, ნორმალური მაჩვენებელია.
მთავარია, ხალხი მუშაობს, ვაჭრობა არ შეფერხებულა, არის მიმართულებები, სადაც ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგალითად, ძვირადღირებული საგნების რეალზიაცია ჭირს, მაგრამ ეს მცირე სეგმენტია”, – აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.
რაც შეეხება წარმოებას, კრიზისის ნიშნებს ვერც ბიზნესმენები ამჩნევენ. მათი აზრით, სხვა პრობლემები უფრო მოქმედებს რეალიზაციაზე, ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობა. მაგალითისთვის, ასეთი პრობლემა რძის პროდუქტების წარმოებისთვის ფალსიფიკაციაა, რაზეც კომპანია “შირაქის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ გაამხვილა ყურადღება.
,,ჩვენი პრობლემა არის ფალსიფიკაცია, დანარჩენი ისეთი არაფერია, რაც კადრების შემცირებისკენ გვიბიძგებს. ზოგადად, წელიწად-ნახევარზე მეტია, რეალიზაცია გვიმცირდება. ეს სეზონურობაც მოქმედებს და ფალსიფიკაციაც თავის ცუდ გავლენას ახდენს. ძროხა იწველება, ვაწარმოებთ რძეს, ამოგვყავს ყველი – მუშა პროცესი მიდის და ვერ შევაჩერებთ. ჩემს წარმოებას ამ მიმართულებით პრობლემა არ ეტყობა.
მინდა გითხრათ, რომ არც სხვა კომპანიებში დგას ეს პრობლემა და არსად გამიგია, რომ კრიზისის გამო თანამშრომლები გაეთავისუფლებინათ. ახლა მსგავსი არაფერია და მერე რაც იქნება, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ყველა პრობლემას კრიზისთან ვერ გავაიგივებთ, ასე ნამდვილად არ არის”, – ამბობს ,,შირაქის” დამფუძნებელი.
წყარო: რეზონანსი