საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები 2024 წლის აპრილიდან, რომლებსაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ მომავალ არჩევებზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების ქმედებებმა “საფრთხე შეუქმნა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას”.
· რუსული კანონი
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული რუსულ კანონზე. საია-ს შეფასებით, პრობლემურია როგორც ამ კანონის შინაარსი, ისე მისი მიღებისა პროცესი.
“კანონის ინიციირებას და მიღების პროცესს თან ახლდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკა […] რუსული სტილის კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, პროტესტის მონაწილეების მიმართ ხელისუფლებამ წამოიწყო ორგანიზებული, სისტემური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით იდევნებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები. კანონის მოწინააღმდეგეებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, აქციებში მონაწილეობის გამო აგინებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ […] არაერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული და ორგანიზებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ. ისინი აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს ორგანიზატორებად იდენტიფიცირებულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ხვდებოდნენ სახლებთან, ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ […] სავარაუდოდ მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა დააზიანეს სამოქალაქო აქტივისტების ავტომანქანები, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებთან გააკრეს პლაკატები ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა გამოსახულებებით, ასევე, გააკეთეს სხვადასხვა მასტიგმატიზებელი წარწერა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
· ჰომოფობია და დისკრიმინაციის წახალისება
რუსული კანონის გარდა, დოკუმენტში უარყოფითადაა შეფასებული ოჯახური ღირებულებების საფარქვეშ ჰომოფობიური კანონპროექტების განხილვა.
“ამგვარი რეგულირება დაუსაბუთებლად ზღუდავს შეკრების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებებს და ლგბტქი თემის სტიგმატიზაციას იწვევს”, – წერია დოკუმენტში.
ბოლო თვეების განმავლობაში, მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკასა და ქმედებების ორგანიზაცია “გაცხადებულ პოლიტიკურ ჰომოფობიად” აფასებს.
· ალტ-ინფოსთვის რეგისტრაციის გაუქმება
საია-ს შეფასებით, “ქართული ოცნება” ალტ-ინფოს მის ელექტორალურ კონკურენტად მიიჩნევს, ამიტომაც “მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებს ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს და ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის” მას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის პრიცედურის შეჩერება სახიფათო პრეცედენტია და “ეწინააღმდეგება თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს”.
“ალტ-ინფო” განსაკუთრებული რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიაა, რომლის ლიდერებიც ხშირად სტუმრობენ მოსკოვს, ამასთანავე, გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით, ჰომოფობიური განცხადებებითა და სიძულვილის ენის გავრცელებით. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი რეგისტრაციის დოკუმენტებში გამოვლინდა წლების წინ დაშვებული ხარვეზები, სახიფათო პრეცედენტს ქმნის”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
· ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
საია-შ შეფასებით, საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებით იზრდება ცესკოს ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების რისკი. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა პარტიათაშორის კონსენსუსის გარეშე მიიღო.
“2024 წლის 30 აპრილს პარლამენტმა, შეცვლილი რეგულირების პირობებში, 5 წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარე და 3 უპარტიო წევრი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია “გირჩის” დეპუტატების შეთანხმების მიუხედავად, რომ, გენდერული კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, “გირჩის” წევრები ცესკოს წევრებად მმართველი პარტიისთვის სასურველ კანდიდატებს მისცემდნენ მხარს, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების მაღალი კვორუმით არჩევა მაინც ვერ მოხერხდა. კანდიდატები უბრალო უმრავლესობით, 85 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცეს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარდა ამისა, პრობლემადაა შეფასებული ცვლილებები, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობაში დელეგატის ცნება შემოჰყავს. საია-ს შეფასებით, ეს არის დაპირებულ, სრულად პროპორციულ არჩევნებში “მაჟორიტარიზმის ნიშნების” შემოტანა:
“2024 წლის მაისში საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესული ცვლილებებით, პარტიას უფლება მიეცა, საარჩევნო სიის შედგენისას მასში შეყვანილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამავე კანონის დანართით გათვალისწინებული 30 ოლქიდან რომელიმე მათგანის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვროს. არჩევნების შემდეგ პარლამენტის ეს წევრი შესაბამისი ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტია, რომელმაც იგი დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, ამ ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე მეტ ხმას მიიღებს”.
· გენდერული კვოტირების მექანიზმის გაუქმება
“გენდერული კვოტირების შესახებ კანონი “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს მიიღო, როგორც გენდერული თანასწორობის დროებითი ღონისძიება, 2023 წელს კი მისი მოქმედების ვადა 2032 წლამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა, ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი იყო და ის შესრულებულად მიიჩნეოდა. სახალხო დამცველის შეფასებით, გენდერული კვოტირების გაუქმებით თანასწორობის მისაღწევად არსებული მექანიზმები გაუარესდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქვეა ხაზგასმული, რომ ხაზგასმულია, რომ ცვლილება დაჩქარებული წესით მიიღეს და მას მხარი დაუჭირა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმაც.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
საია-ს სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდებს. არჩევნების დღეს ორგანიზაციის 600 დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე საარჩევნო უბანს და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას დააკვირდება.
