პოლიტიკური არასტაბილურობის გამო საქმიანი ტურიზმი ძალიან შემცირებულია – ვიკა შარია

ბუტიკური სააგენტო „ოდა დიემსის” დირექტორის და დამფუძნებლის, ვიკა შარიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქმიანი ტურიზმი მკვეთრად შემცირდა.
როგორც ვიკა შარიამ BMG-სთან განაცხადა, მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობაა.
„2024 წელი კარგად ჩავხურეთ და წესით მზარდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იანვრიდან საქმიანი ტურიზმის ნაკადი ძალიან შემცირებულია. ყველას ეშინია ჩამოსვლა პოლიტიკურად არასტაბილური ვითარების გამო. გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ვისთანაც კონტაქტის შენარჩუნებას ვცდილობთ, ეშინიათ, არ მოდიან, გვეუბნებიან, რომ მათი საგარეო უწყებების მიერ ყველაზე საშიში ქვეყნების წინ ვართ შეყვანილი”,- ამბობს ვიკა შარია.

მისივე თქმით, ანალოგიური მიზეზით იკლო აქტიურობამ დან, რომელიც ტრადიციული ბაზარია ამ მიმართულებით.
“რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, რომელიც გვინდა თუ არა, MICE ტურიზმის თვალსაზრისით ტრადიციული ბაზარია საქართველოსთვის და ყველაზე დიდი ნაკადი ოდითგანვე აქედან იყო, შეჩერებულია. უზბეკეთის მიმართულებით მიდიან”,- ამბობს ვიკა შარია.
მისივე თქმით, დასვენების მიმართულებით აქტიურია ჯგუფები ინდოეთიდან, თუმცა ამ ნაწილში თავად ინდური კომპანიები მუშაობენ.
“აზიის ბაზარზე არ ვმუშაობ. ახლა სასტუმროებში არიან ჯგუფები ინდოეთიდან, თუმცა ისინი არ არიან საქმიანი ტურისტები. ამ ჯგუფებზე თავად ინდოელი პროვაიდერები მუშაობენ. კი, სასტუმროში ფული შემოდის, მაგრამ ჩვენ, ქართული სააგენტოები აქედან სარგებელს ვერ ვიღებთ. ისინი გაცილებით იაფად იღებენ ნომრებს, მიდიან ინდურ რესტორანში, ამუშავებენ ინდოელ გიდებს, არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია ან ბერკეტი”,- აცხადებს ვიკა შარია.
კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია ამ საკითხზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომელიც თავის მხრივ პოზიტიურ ტენდენციებზე მიუთითებს, ის აცხადებს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სექტორთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა. ვიკა შარიას შეფასებით, ნაკადების ზრდაზე საუბარი თვალში ნაცრის შეყრაა.
“ტურიზმის ადმინისტრაციის შეხვედრაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. ნაცარს გვაყრიან. ჩვენ ვეუბნებით გვტკივა, გვიჭირს, გვიშველეთ, ისინი გვეუბნებიან რომ გადასარევადაა ყველაფერი, ნაკადები იზრდება, რეისები ემატება, რა გაწუწუნებთო. 25 წელი თავი მოვიკალით პროდასავლური კურსით და დღეს სად ვართ, მუმბაი და გვიხარია?”,- ამბობს ვიკა შარია.