ონლაინგამოცემა “პოლიტიკოს” ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს განმარტებები მოსთხოვა იმ კანონის ხელმოწერის გამო, რომლითაც უკრაინის ორი ანტიკორუფციული უწყება გენერალურ პროკურატურას დაექვემდებარა.
“ფონ დერ ლაიენი ზელენსკისგან მოითხოვს პასუხებს, ვინაიდან ახალი კანონი საფრთხეს უქმნის უკრაინის ევროინტეგრაციას” – წერს გამოცემა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ანტიკორუფციული სტრუქტურების გენერალური პროკურორისთვის დაქვემდებარება არაერთი ევროპელი ლიდერისა და პოლიტიკოსის მიერ შეფასდა, როგორც მათი დამოუკიდებლობის განულება და საფრთხე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.
სამშაბათს ზელენსკიმ ხელი მოაწერა წინააღმდეგობრივ კანონს, რომელიც კრიტიკოსთა აზრით, ანულებს უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას, რამაც ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია.
“ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელობა ზელენსკის მოუწოდებს დაამტკიცოს, რომ კვლავაც ერთგულია ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მას შემდეგ რაც ხელი მოაწერა წინააღმდეგობის გამღვივებელ კანონს, რომელზეც ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ საბედისწეროდ უთხრის ძირს უკრაინის ბლოკში გაწევრიანების პროცესს”, – წერს “პოლიტიკო”.
გამოცემას ევროკომისიის სპიკერმა გიომ მერსიემ განუცხადა: “მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარების გამო, ევროკომისიის პრეზიდენტი დაუკავშირდა პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა მას გაუზიარა შეშფოთება საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების გამო და განმარტებები მოითხოვა უკრაინის მთავრობისგან.
კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ევროკავშირის მთავარი ელემენტები – როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან მოელიან ამ სტანდარტის სრულად გაზიარებას. ამაზე კომპრომისი ვერ იქნება”, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა გიომ მერსიემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამაც გამოხატა შეშფოთება და ზელენსკის ახსნა-განმარტება სთხოვა – უთხრა “პოლიტიკოს” ევროკავშირის ჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ფორუმი
