“ოცნებას” წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკოსებისა და პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ ბრიფინგზე ივანიშვილის პარტიის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირკვევა, რომ “ოცნება” წულუკიანის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს “უახლოეს მომავალში” შეიტანს.
კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები” ვეღარ იყრიან კენჭს საპარალამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს. მისივე თქმით, ეს ადამიანები საერთოდ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას.
“ჩვენ არჩევნებამდე დავაანონსეთ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. მინდა გითხრათ, რომ სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
რიგი ცვლილებები შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში. კერძოდ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური, თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუცით გათვალისწინებნული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართავში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა”, – განაცხადა კირცხალიამ.
გარდა ამისა, რეპრესიული ცვლილებები შეეხებათ პარტიებსაც.
კერძოდ, მათ აეკრძალებათ, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირების პარტიულ სიებში შეყვანა, მათგან შემოწირულობების მიღება, “წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.”
“ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედები პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებსენ შემოწირულობებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ წესით დაჯარიმებას”, – განაცხადეს “ოცნებაში.”
