პოლიტიკა უნივერსიტეტებში – აკადემიური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში – Netgazeti • აზერბაიჯანი • სომხეთი • უმაღლესი განათლება • Netgazeti.ge

როგორ ჩამოყალიბდა და როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; რა ტიპის განვითარების მოდელებს ხედავენ სპეციალისტები, როგორ განსხვავდება სისტემები ერთმანეთისგან და რა გავლენა აქვს პოლიტიკურ გარემო საერთაშორისო ინტეგრაციაზე – ინტერვიუ განათლების ექსპერტ ლელა ჩახაიასთან.
როგორ ჩამოყალიბდა და რა მიმართულებით ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? რა ტიპის განვითარების მოდელებს ვხედავთ ამ ქვეყნებში და რამდენად არის ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული? [“ოცნების” დაანონსებული რეფორმის შემდეგ განსაკუთრებით].
დავიწყოთ ისტორიული ისტორიული კოტექსტით. სამივე ქვეყანამ 1990-იან წლებში მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა მოდელი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო: კვლევისა და სწავლების მკვეთრი გამიჯვნა (კვლევა მეცნიერებათა აკადემიებში, სწავლება – უნივერსიტეტებში); მკაცრი ცენტრალიზაცია და იდეოლოგიური კონტროლი და უნივერსიტეტების ვიწრო სპეციალიზაცია
2000-იანი წლებიდან სამივე ქვეყანა შეუერთდა ბოლონიის პროცესს, თუმცა მისი იმპლემენტაცია სხვადასხვა სიღრმით წარიმართა.
რა მსგავსებებია სისტემებს შორის – 90-იან წლებში სისტემები გაფართოვდა და კერძო სექტორის სწრაფი ზრდა მოჰყვა. სამივე სისტემის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსებაში სახელმწიფო დაფინანსების უკიდურესად დაბალი წილი, რომლის შედეგადაც სისტემები ძლიერ ეყრდნობა ოჯახების/სტუდენტების გადასახადებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში, სადაც სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მხოლოდ მშპ-ის 0.2%-ს ხარჯავს.
სახელმწიფოს მიერ გაღებული დაბალი ხარჯები შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ახსნა იმისა, რომ სამივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
ასევე სამივე სისტემა ხასიათდება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობით სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყანაში მაღალია უმაღლესი განათლების დაფინანსებაში კერძო წყაროების წილი (ანუ სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადები), ისინი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან საჯარო და კერძო უნივერსიტეტების რაოდენობით.
· საქართველო: საჯარო 19, კერძო 45
· სომხეთი: საჯარო 26, კერძო 31
· აზერბაიჯანი: საჯარო 33, კერძო 11
შეგვიძლია ვისაუბროთ განვითარების სამ განსხვავებულ ტრაექტორიაზე:
საქართველო: საბაზრო პრინციპების დომინანტურობა 2025 წლამდე
· პოსტ-საბჭოთა ტრანზიციამ აქაც მოიტანა კერძო სექტორის გაფართოება და სწავლის საფასურზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება (ზოგადად რეგიონული ლოგიკა).
· 2005 წელს საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის / EHEA-ს სრულუფლებიანი წევრი, რაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გრძელვადიანი ჩარჩოა.
· ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების თავსებადობა ევროპულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებთან
ბოლო დროს დაანონსებული რეფორმები მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებას; დაგეგმილი ღონისძიებები დიდი ალბათობით გამოიწვევს საერთაშორისო იზოლაციას, ევროპულ უმაღლესი განათლების სისტემასთან დაშორებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ დაკარგა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ევროპული ასოციაციის წევრობა.
სომხეთი: “ევროპული ჩარჩო + ხარისხის უზრუნველყოფაზე ინსტიტუციური აქცენტი” და სისტემური განახლების მცდელობები
სომხეთშიც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციამ შექმნა შერეული ეკოსისტემა (საჯარო და კერძო ინსტიტუტების თითქმის თანაბარი რაოდენობა).სომხეთში ხარისხის გარე უზრუნველყოფის მთავარი სააგენტოა ANQA, რომელიც არის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი. სომხეთში მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2030-მდე, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს. უმაღლეს განათლებაში მიზანი არის საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება ისე, რომ მინიმუმ 4 სომხური უნივერსიტეტი მოხვდეს მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში.
სომხეთში უმაღლესი განათლების ხედვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს „აკადემიური ქალაქის“ დაარსებისა და მშენებლობის გეგმა. პროექტი სომხეთის მთავრობამ 2022 წელს დააანონსა და ის ქვეყნის „2030 წლის განათლების სტრატეგიის“ ნაწილია.