“პოლიტიკა და ეკონომიკა არა მგონია ხელიხელ მიდიოდეს”, – ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში” გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ის მიჯნავს ეკონომიკას პოლიტიკისგან, და ამის მაგალითად რუსეთი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად მტერია, ეკონომიკურად კი – მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.
“რუსეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დონეზე მტერია, ჩემთვისაც შეიძლება.. შეიძლება არა, მტერია… მაგრამ ეკონომიკურად ჩვენ რომ გავწყვიტოთ რუსეთთან ურთიერთობები, ასეულობით ათასი ქართველი დაზარალდება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში არა მგონია იყოს. პოლიტიკა და ეკონომიკა არა მგონია ხელიხელ მიდიოდეს”, – განაცხადა ჭარაიამ.
მისივე თქმით, “მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკურად რაღაც საკითხი, ეკონომიკურად სულ სხვა განზომილება და ჭრილია, ამიტომ ეკონომიკურად უფრო ვაფასებ ამას”.
ჭარაიას თქმით, ევროკავშირი და აშშ, რაც არ უნდა სხვა ალტერნატივა გვქონდეს, ჩვენთვის სტრატეგიულია არამხოლოდ სიტყვის, არამედ საქმის დონეზე. კითხვაზე რა ალტერნატივა გვაქვს, ჭარაია პასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, არაბული ქვეყნები…
“გადამწყვეტი ალტერნატივა შეიძლება არ იყოს, მაგრამ გარკვეული სირთულეების პერიოდში, ეკონომიკურად რომ შევხედოთ – პოლიტიკურად არა – არაბული ქვეყნებიდან, ჩინეთიდან შეიძლება ფინანსური რესურსების მოზიდვა. რუსეთთანაც, რომელთანაც 2008 ომის მიუხედავად ვაწარმოებთ თანამშრომლობას, წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების დროსაც. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკურად რაღაც საკითხი, ეკონომიკურად სულ სხვა განზომილება და ჭრილია ჩემთვის, ამიტომ ეკონომიკურად უფრო ვაფასებ ამას”, – განაცხადა მან.
მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკა ბევრი რაღაცით პრაგმატულია.
“მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკურ კონტექსტში ბევრი რაღაცით პრაგმატულია. რაღაცებში არ მომწონს, რაღაცებში მომწონს… ზოგადად ის მომწონს მთლიანობაში, რომ გარკვეული ფუნდამენტი არის შექმნილი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ სტაბილური ბოლო წლების განმავლობაში… ლარი არის სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ 3-ს ოდნავ გადასცდა, ცოტა გაუფასურდა, ცოტა გამყარდა, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ ლარს და ბევრი ქვეყნის ვალუტას, მერყეობები გაცილებით უფრო მეტი ჰქონდათ და ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ბოლო ხუთ წელში, გაცილებით დიდი ტურბულენტობის ქვეშ იყვნენ, ვიდრე – ლარი “, – განაცხადა მან.
