18 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. განხილვის შემდეგ დმიტრი პოლიანსკიმ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ორმხრივ სურვილზე ისაუბრა.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკი უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე – რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განხილვის მეორე დღეს – გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას აქებს “სიბრძნისთვის”; და ავითარებს კონსპირაციის თეორიას, რომლის თანახმადაც, საქართველოში უკრაინის მსგავსი სცენარის განვითარებით დაინტერესებულია ევროპა.
პოლიანსკის მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს ორმხრივი კავშირების აღდგენისა და ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი, ისინი კი, ვინც ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან, დაინტერესებული არიან “საქართველო მხოლოდ მათი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად აქციონ.”
“რუსეთის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ ვართ საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი. ასევე, გასულ წელს 1.5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. ასე რომ, ეს მოწმობს ჩვენი ორივე ერის აბსოლუტურად მკაფიო სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობები.
თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც არ აინტერესებს ასეთი სცენარი.
ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს. თუმცა საქართველოს ხელმძღვანელობას აღმოაჩნდა საკმარისი სიბრძნე, უარი ეთქვა ასეთ მავნე სცენარზე, რომელიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ ასვენებს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა იმავე ტრაგედიაში ჩააგდონ ეს ქვეყანა, რომელშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა”, – თქვა მან 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა რუსეთის ინტერესს “სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი უსაფრთხოების კლიმატის შექმნასთან დაკავშირებით” და თქვა, რომ მნიშვნელოვანია “სამ ქვეყანას [საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს] შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს”. რუსი დიპლომატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოფიციალურ თბილისს შორის “ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის” ინიციატივას მიიჩნევს “პრობლემურ რეგიონში” ვითარების დასტაბილურების გარანტად.
გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს საკითხზე რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის და ოკუპირებული ტერიტორიების ჭრილში ყოველ წელს მსჯელობს დახურული სხდომის ფარგლებში, 2008 წლის ომის წლისთავზე.
2025 წლის 18 აგვისტოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში კვლავ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაეროს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.
დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება. განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს “მძინარე ცხინვალს” და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში – ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს – სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
ფორუმი
