პოზიცია უცვლელია, არა რეჟიმის ლეგიტიმაციას – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ყაველაშვილს პასუხობს

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე“ – ასე უპასუხა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას.
ყაველაშვილმა ოთხი ივლისის საღამოს დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას ჰპირდება.
„ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ“, – მიიჩნევენ „კოალიციაში“.
პოლიტიკური გაერთიანების განმარტებით, ყაველაშვილის განცხადებით დადასტურდა ისიც, რომ „პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია“
„ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით“, – წერია ოთხ ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ აერთიანებს რვა დაპატიმრებული პოლიტიკოსიდან სამს:
· ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
· ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“).
დანარჩენები არიან:
· მამუკა ხაზარაძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
· ბადრი ჯაფარიძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
· გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“)
· ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
· გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)
ფორუმი