პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა, ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობას აფასებს.
რაც შეეხება, პარლამენტის წევრთა აქტიურობას, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა.
„ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება, პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვების, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვების 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს);
„2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა. პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო; უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;
პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”;
მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს); საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.