პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს პროევროპულ აქციებზე დროს დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.
“სალამის” აქტივისტები თანადგომას უცხადებენ ყველას, ვინც პროტესტის გამოსახატავად უკიდურესი ფორმა, შიმშილობა აირჩია.
“სისტემა ცდილობს გააჩუმოს ხალხის ხმა, რათა ჩაახშოს ობიექტური აზრი და გამოხატვის თავისუფლება. უკანონოდ დააპატიმრეს ბათუმელების/ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. შიმშილობა არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა რეალურ საფრთხეშია. ის კარგად აცნობიერებს, რომ მისი გაჩუმება არა მხოლოდ მისი, არამედ მთელ საზოგადოებას ეხება და მისი გაჩუმება ნიშნავს ხალხის გაჩუმებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. “პლატფორმა სალამი” სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს მას სამართლიან ბრძოლაში. პროტესტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. ის გავრცელებულია რეგიონებშიც, სადაც ადგილობრივი აქტივისტები სოლიდარობის ნიშნად იწყებენ შიმშილობას. გუშინ დმანისში სამოქალაქო აქტივისტი და “შეხვედრის ადგილის” დამფუძნებელმა ლაშა ჩხვიმიანმა, მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის ნიშნად, დაიწყო შიმშილობა. “პლატფორმა სალამი” სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს მას. “პლატფორმა სალამში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი არ არის მხოლოდ ფორმალურად ხელისუფლების წყარო, და ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში!”, – ვკითხულობთ “სალამის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სალამის” შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ხალხის მოთხოვნებს. ეს მოცემულობა, 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებასთან ერთად, ქმნის კრიზის, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ რეპრესიებით პასუხობს.
“სალამი” არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მუშაობს საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებებსა და თანასწორობაზე.
ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე 20 დღეა რაც შიმშილობს.
ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.
იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.