პლატინის ჯგუფის ლითონები (PGM) მოიცავს პლატინას, პალადიუმს, როდიუმსა და სხვა ლითონებს. თითოეული მათგანი გამძლეობით, კოროზიისადმი მდგრადობითა და შესანიშნავი კატალიზური თვისებებით ფასობს.
ავტომობილების ინდუსტრია ამ ლითონების მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებელია, რადგან ისინი, სხვა დანიშნულებასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი სისტემებისთვის საჭირო კატალიზურ გარდამქმნელებში (კატალიზატორებში) გამოიყენება. მომდევნო წლებში ავტომობილების წარმოების აღდგენა და შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, რამაც PGM-ებზე, კონკრეტულად კი პლატინასა და პალადიუმზე, მოთხოვნა უნდა გაზარდოს.
რაც შეეხება მიწოდების მხარეს, 2024 წელს პლატინის ბაზარი მნიშვნელოვან დეფიციტში აღმოჩნდა, რაც 2025 წელსაც გაგრძელდა და მოსალოდნელია, რომ წელსაც შენარჩუნდება. ამ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობა პლატინის ფასის ზრდა და 2025 წლის 23 სექტემბერს მან 12-წლიან მაქსიმუმს – უნციაზე 1 495 აშშ დოლარს მიაღწია.
პალადიუმისა და პლატინის მომპოვებელი ქვეყნების სია მოკლეა. PGM-ების უმეტესობა სამხრეთ აფრიკასა და რუსეთზე მოდის.
კიდევ რომელი ქვეყნები აწარმოებენ პლატინასა და პალადიუმს და რომელ ქვეყნებს აქვთ ამ ლითონების ყველაზე დიდი მარაგი? გთავაზობთ 2024 წლის 5 უმსხვილესი მწარმოებლის სიას, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) უახლესი მონაცემების მიხედვით.
1. სამხრეთ აფრიკა
- პლატინის წარმოება: 120 000 კილოგრამი
- პალადიუმის წარმოება: 72 000 კილოგრამი
- PGM-ის რეზერვები: 63 მილიონი კილოგრამი
სამხრეთ აფრიკა PGM-ების უდიდეს ცნობილ მარაგებს ფლობს, რაც გლობალური რეზერვების 75%-ზე მეტს შეადგენს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, 2024 წელს სამხრეთ აფრიკაში PGM-ების წარმოება შემცირდა (2023 წლის 74 900 კილოგრამთან შედარებით), რაც გამოწვეული იყო “ფასების კლებით, ღრმა მაღაროებში მოპოვებასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯებით, შრომითი დავებითა და ელექტროენერგიის მიწოდების მუდმივი შეფერხებებით”.
2. რუსეთი
- პლატინის წარმოება: 18 000 კილოგრამი
- პალადიუმის წარმოება: 75 000 კილოგრამი
- PGM-ის რეზერვები: 16 მილიონი კილოგრამი
მიუხედავად იმისა, რომ პლატინის მოპოვებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რუსეთის წლიური წარმოება დიდი სხვაობით ჩამორჩება სამხრეთ აფრიკის მაჩვენებელს. თუმცა, რუსეთი 2024 წელს პალადიუმის ნომერ პირველი მწარმოებელი იყო.
რუსული სამთო კომპანია Norilsk Nickel პალადიუმის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია გეგმავს, 2021-2030 წლებში ინფრასტრუქტურის განახლებაში 35 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც საბოლოოდ ლითონების წარმოების ზრდას გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გასულ წელს პალადიუმის წამყვანი მწარმოებლის ადგილი შეინარჩუნა, მისი წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წლის 87 000-კილოგრამიან მაჩვენებელთან შედარებით. USGS-მა ეს ვარდნა მიაწერა “სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ შეფერხებებს, ლითონის დაბალ ხარისხსა და მადნის ამოღების დაბალ მაჩვენებელს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსა და დაგეგმილ გაჩერებებს ერთ-ერთ მთავარ მეტალურგიულ ქარხანაში”.
3. ზიმბაბვე
- პლატინის წარმოება: 19 000 კილოგრამი
- პალადიუმის წარმოება: 15 000 კილოგრამი
- PGM-ის რეზერვები: 1.2 მილიონი კილოგრამი
Zimplats Holdings ქვეყანაში პლატინის უმსხვილესი მომპოვებელია, მისი 87 პროცენტი კი Implats-ს ეკუთვნის.
2022 წლის ოქტომბერში ზიმბაბვემ შემოიღო პოლიტიკა, რომელიც მას ფიზიკური ლითონების, მათ შორის PGM-ების მარაგების შექმნის (დასაწყობების) უფლებას აძლევს. შეიცვალა წიაღისეულის მოპოვების მოსაკრებლის არსებული წესიც, რაც სამთო კომპანიებს ავალდებულებს, მოსაკრებელი გადაიხადონ წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, ნაღდი ფულისა და რაფინირებული ლითონების 50/50 კომბინაციით.
2025 წლის იანვარში ზიმბაბვეს მთავრობამ ასევე ოფიციალურად აამოქმედა 5%-იანი მოსაკრებელი დაუმუშავებელი პლატინის ექსპორტზე, რაც მანამდე გადავადებული იყო, რათა სამთო კომპანიებისთვის გადამმუშავებელი სიმძლავრეების შესაქმნელად დრო მიეცა.
4. კანადა
- პლატინის წარმოება: 5 200 კილოგრამი
- პალადიუმის წარმოება: 15 000 კილოგრამი
- PGM-ის რეზერვები: 310 000 კილოგრამი
ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნის პალადიუმისა და პლატინის წარმოების მაჩვენებლები თითქმის წინა წლის ანალოგიური იყო.
ქვეყანა PGM-ების მხოლოდ 310 000 კილოგრამ დადასტურებულ მარაგს ფლობს, რაც ამ სიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა კომპანიები კანადაში PGM-ების ძიებას და ახალი საბადოების კვლევას განაგრძობენ.
კანადაში PGM-ების წარმოება ძირითადად ონტარიოს პროვინციაში მიმდინარეობს, თუმცა პროდუქციის ნაწილი კვებეკსა და მანიტობაზეც მოდის. ქვეყანას აქვს PGM-ის მომპოვებელი ერთი ძირითადი მაღარო – Lac des Iles დასავლეთ ონტარიოში, რომელსაც Implats Canada ფლობს. დანარჩენი წარმოება კანადის ნიკელის მაღაროების თანმდევი პროდუქტია.
5. ამერიკის შეერთებული შტატები
- პლატინის წარმოება: 2 000 კილოგრამი
- პალადიუმის წარმოება: 8 000 კილოგრამი
- PGM-ის რეზერვები: 820 000 კილოგრამი
Sibanye Stillwater-ის “სტილუოტერის კომპლექსი” მონტანაში PGM-ების ერთადერთი პირველადი მწარმოებელია აშშ-ში. კომპანია მონტანაში ასევე ფლობს სადნობ ქარხანას, გადამამუშავებელ საწარმოსა და ლაბორატორიას და PGM-ებს ავტომობილების გამოყენებული კატალიზატორების მასალისგანაც იღებს.
პალადიუმის დაბალმა ფასებმა Sibanye Stillwater აიძულა, 2024 წელს შეემცირებინა წარმოება და “სტილუოტერის კომპლექსიდან” დაახლოებით 700 თანამშრომელი გაეთავისუფლებინა. კომპანიამ მიზეზად რუსეთის ქმედება დაასახელა, რომელმაც, ფასების დაგდების მიზნით, ბაზარი პალადიუმით გააჯერა.




