პლასტმასის ბოთლებში მოთავსებულ სასმელ წყალში პლასტმასის 240 ათასი ნაწილაკი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებში მოთავსებულ 1 ლ წყალში პლასტმასის 240 ათასი ნაწილაკი აღმოაჩინეს. კვლევის შესახებ სტატია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს პოლიმერული ნაწილაკების არსებობა, რომლებიც არ ჩანს მიკროსკოპის ქვეშ. მეცნიერებმა სამი ამერიკული ბრენდის სასმელი წყალი გამოიკვლიეს. ნიმუშები შეიცავდა 110 ათასიდან 370 ათასამდე პლასტმასის ნაწილაკს. მათი დაახლოებით 90% ნანოპლასტიკაა, ანუ ერთ მიკრომეტრზე (მეტრის მემილიონედი) პატარა ფრაგმენტები. ნიმუშები ასევე შეიცავდა დაახლოებით 10% უფრო დიდ მიკროპლასტიკურ ნაწილაკებს.
2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასმელი წყლის ყოველი ბოთლი შეიცავს დაახლოებით 300 მიკროპლასტმასის ნაწილაკს. ცხრა ქვეყნის მაღაზიებში შეძენილი 259 ბოთლიდან მხოლოდ 17 ბოთლი არ შეიცავდა პოლიმერის ფრაგმენტებს. პლასტმასის ნაწილაკების კონცენტრაცია ჩამოსხმულ წყალში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ონკანის წყალში. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ შეისწავლის მიკროპლასტიკების პოტენციურ რისკებს.
ახალი ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ნანოპლასტიკა შეიძლება უფრო საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მიკროპლასტიკა. ვარაუდობენ, რომ პოლიმერულ ნანონაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის სხეულის უჯრედებსა და ქსოვილებში. მიკროპლასტიკები ადრე იყო ნაპოვნი ადამიანის სისხლში, ასევე ლაბორატორიული ცხოველებისა და პირუტყვის ორგანოებში.

ასევე დაგაინტერესებთ