პლანეტის მოსახლეობის ნახევარი დღეში 7 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს

17 ოქტომბერი სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. თუმცა, ეს მხოლოდ თარიღი არ არის. ეს არის მკაცრი შეხსენება იმ ბრძოლის შესახებ, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად აწარმოებს თავის გადასარჩენად. პლუს, გლობალური შეხსენება იმისა, რომ სიღარიბე მხოლოდ ეკონომიკურ კატეგორიას კი არა, არამედ, ამავე დროს, ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 7 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს: ეს არის შემაძრწუნებელი სტატისტიკა, რომელიც მსოფლიოში არსებული უთანასწორობის მასშტაბს ასახავს.
ეს თარიღი პირველად 1987 წელს აღინიშნა, როდესაც 100 000-ზე მეტი ადამიანი პარიზში, ტროკადეროს მოედანზე შეიკრიბა, რათა უკიდურესი სიღარიბის, ძალადობისა და შიმშილის მსხვერპლთათვის მიეგო პატივი. იქ, იმ ადგილას განთავსებული მემორიალური დაფა, სადაც 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას მოეწერა ხელი, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიღარიბე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
1992 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე ოფიციალურად აღიარა და სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სიღარიბის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. დღეს, იმავე დაფის ასლები, როგორც ვალდებულებისა და ცნობიერების ამაღლების სიმბოლო, მსოფლიოს მრავალ ქალაქშია განთავსებული, მათ შორის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის სკვერში.
რიცხვებისა და სტატისტიკის მიღმა, 17 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, მოვისმინოთ იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ყოველდღიურად შეიგრძნობენ სიღარიბეს. სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ მსხვერპლნი არ არიან – ისინი ასევე მისი აღმოფხვრისთვის პირველი რიგებში მდგარ მებრძოლებს წარმოადგენენ. მათი მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მათ ბედზე ახდენს გავლენას, უნდა იყოს არსებითი და არა დეკორატიული.
ფოტო: ჟან-ფილიპ კსიაჟეკი / სააგენტო „ფრანს პრესი“
სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე უნივერსალური, გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობას გვახსენებს. 2018 წელს გაერო-მ, „2030 წლის დღის წესრიგის“ ფარგლებში, სიღარიბის აღმოფხვრის მესამე ათწლეული (2018-2027) წამოიწყო. დევიზით „გლობალური მოქმედების დაჩქარება სიღარიბისგან თავისუფალი სამყაროსთვის“, ის მთავრობებს, ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ძალისხმევისკენ მოუწოდებს.
გაერო ხაზს უსვამს: მდგრადი მომავალი ვერ აშენდება უთანასწორობაზე, გარიყვასა და გულგრილობაზე. მის მისაღწევად ქველმოქმედება საკმარისი არ არის; ასევე საჭიროა სამართლიანობა.
წყარო: 1 არხი