პიტერ სტანო: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად.
“ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ საქართველომ უნდა გადადგას ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისი ნაბიჯები. მეცხრე რეკომენდაცია მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს უფრო თავისუფლად. ასევე, პირველი რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, იბრძოლოს ევროკავშირის და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ” – წერია პიტერ სტანოს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება სერიოზულ საფრთხეებს და ეჭვებს აჩენს. ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში წუხს, რომ სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციების მიუხედავად, აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტში ისევ ინიცირებულია.