გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის მიერ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტას ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აგრესიულად გამოეხმაურა ტრანზიტის შეწყვეტის გამო გაზის ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაციას.
„პატივისცემით უნდა მივაპყროთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების ყურადღება იმას, რომ არის რეალობა, არის უფლებები და მოვალეობები. რეალობა ისაა, რომ ევროკავშირში წევრი ქვეყნები კოლექტიურად და ერთხმად წყვეტენ, მიიღონ თუ არა ახალი წევრები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა “დიახ”“, – აღნიშნა სიიარტომ.
რაც შეეხება უფლებებს, მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს, სად და როგორ ყიდულობს ენერგომატარებლებს, რომელიც მას სჭირდება მუშაობისთვის. გარედან არავის შეუძლია ამაზე გავლენა მოახდინოს. ”არავის აქვს უფლება სხვა ქვეყანას დაუწესოს უფრო ძვირი, ნაკლებად უსაფრთხო ენერგიის წყაროები,” – აღნიშნა სიიარტომ.
ვალდებულებებზე საუბრისას უნგრეთის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ან სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
„ქვეყანა, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ან სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ამიტომ, ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს“, – აღნიშნა სიიარტომ.