პირი დაბალხარისხიან სარეცხ საშუალებებს Ariel-ის, Fairy-ის შეფუთვით ყიდდა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან დაბალხარისხიან და იაფფასიან სარეცხ საშუალებებს ყიდდა Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, რომ “ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”.