“პირველ რიგში, კადრები უნდა შეინარჩუნონ… რესტორნის მარჯვენა და მარცხენა ხელი პერსონალია” – რჩევები რესტორატორებს

კვების ობიექტების მთავარ გამოწვევებზე და კრიზისის ფონზე გადარჩენის გზებზე „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ კანდელაკმა BMGtv-ის გადაცემაში “წერტილი” ისაუბრა.
კანდელაკი ამბობს, რომ რესტორნებს, რომელთა პროფილიც ტურისტული მიმართულება იყო, მეტად გაუჭირდათ. მათი ნაწილი კი, გახსნის პერსპექტივის გარეშე დაიხურა.
“პროფილური რესტორნებისთვის უფრო დიდი პრობლემაა. მაგალითად, ძველ თბილისში, ნახავთ ძალიან ბევრ რესტორანს, რომლებიც მუშაობდნენ ასე, ჩამოვიდნენ ტურისტები ავტობუსიდან, მიირთვეს და წავიდნენ. მათთვის ნამდვილად შეიქმნა განსაკუთრებული პრობლემა. მათი დიდი ნაწილი დახურულია, რადგან აღარ არის ტურისტული ნაკადები”, – ამბობს კანდელაკი და დასძენს, რომ უამრავ ადგილს, რომელიც დაიხურა, არც აქვს შანსი, რომ გაიხსნას.
წამყვანის კითხვაზე, რას ურჩევდა რესტორატორი იმ კომპანიებს, რომლებსაც მართვის დიდი გამოცდილება არ აქვთ და არც რესურსი, ამისთვის დამატებითი კადრი დაიქირაონ, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი, კადრების შენარჩუნებაა.
“დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კადრები შევინარჩუნოთ. ხელმძღვანელი სულ უნდა ცდილობდეს, გაესაუბროს კადრებს და აუხსნას, რატომ და რა დროით მცირდება სახელფასო ფონდი, რათა არ დაკარგონ ბირთვი, რომლითაც რესტორნები ფუნქციონირებენ, იმიტომ, რომ უმთავრესი, მარჯვენა და მარცხენა ხელი არიან ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ. შეიძლება მკაცრად დააყენონ საკითხი შემოსავლების და გასავლების მიმართულებით. სად აქვთ დიდი ხარჯი და სად აქვთ მცირე შემოსავალი და რატომ. თუ გასაყიდი პროდუქციის დიდი ჩამონათვალი აქვთ, უნდა შეამცირონ.
დღეს, ჩვენი ერთადერთი გადარჩენა ერთმანეთის გვერდით დგომაა. აუცილებლად უნდა ვიაროთ კონკრეტული ადამიანების რესტორნებში და ამით დავეხმაროთ ერთმანეთს. თორემ, თუ ეს სექტორი არ ამოძრავდა, რამდენი ფულიც უნდა ჩაირიცხოს ფონდებში, ან რამდენი ბიზნესიც უნდა დაეხმაროს, ეს ვერ იქნება გადარჩენა. დაჟანგებულ მოტორს, რომლის ამუშავებასაც ცდილობთ, საპოხი მასალა სჭირდება. სხვანაირად, ყველა მცდელობა დროებითია”, – განაცხადა კანდელაკმა.