2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან, ყველაზე მეტი – 19.3 პროცენტი კახეთის რეგიონში მდებარეობს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 33.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 60.2 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.9 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.6 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 879.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, სასაკლაოების მიერ 2025 წლის პირველ კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით, საიდანაც 30.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36.6 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 32.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.7 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 32.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.5 ლარი.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 265 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 68.3 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.
2025 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 83.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 38.7 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.6 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.9 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 16.1 პროცენტი – თევზეული, 3.6 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.0 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
საანგარიშო პერიოდში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2025 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 128.1 მლნ. ლარის ღირებულების 22.0 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 22.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 46.8 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 2.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.1 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
